Accessibility links

საქართველოს დემოკრატია და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული პრესრელიზი გვატყობინებს, რომ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის ძირითად აქცენტებს საქართველოს რეფორმატორული მიღწევები და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების საჭიროება წარმოადგენდა. საუბარია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მოქმედი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც 16 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტი მასპინძლობდა. საქართველოს მხარე აქცენტს წარმატებული რეფორმების ”ექსპორტის” შესაძლებლობებზე აკეთებს, მაშინ როცა ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების წინ ვაშინგტონს მწვავე პრობლემებზე მიუთითებენ.

დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართულ მსჯელობას ”ძალიან შინაარსიანს” უწოდებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილი. მისი შეფასებით, 16 აპრილის შეხვედრამ, რომელზეც დემოკრატიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი იყო განხილული, ”კარგი განწყობა” დაუტოვა ორივე მხარეს:

”ყველაფერზე იყო ძალიან ღია საუბარი. იყო საკითხები, რომლებზეც პასუხი უნდა გაცემულიყო უკვე ამ დონეზე, რა დონეზეც იყო წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლება და გაეცა ამ კითხვებს პასუხი. ასევე იყო სურვილები გამოხატული როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ამერიკელების მხრიდან. ზოგადი შეფასების თვალსაზრისით, ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა.”

დისკუსიის დროს აქცენტი გაკეთდა საქართველოში რეფორმების გატარების კუთხით დღემდე მიღწეული წარმატებისა და იმ ძალისხმევის აღიარებაზე ...
კმაყოფილებაა გამოხატული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაშიც, რომლის მიხედვითაც, „ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების ფართო სპექტრი, მათ შორის, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესი“. ამავე წყაროს ინფორმაციით, „შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა „ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში და საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვის“.

ამ საკითხზე არაფერი წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოდნავ უფრო ადრე გავრცელებულ პრესრელიზში, თუმცა ტექსტიდან იოლად ვიგებთ, რომ, მიღწევების აღიარების გარდა, 16 აპრილის შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა კონკრეტული მიმართულებებით გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯების საჭიროებაზეც:

„დისკუსიის დროს აქცენტი გაკეთდა საქართველოში რეფორმების გატარების კუთხით დღემდე მიღწეული წარმატებისა და იმ ძალისხმევის აღიარებაზე, რაც საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერებისთვის.”

16 აპრილის შეხვედრაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მონაწილეობდნენ: სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკ რუბინი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომითი უფლებების საკითხებში თომას მელია. ხოლო საქართველოს მხარეს შეხვედრაზე თანათავმჯდომარეთა რანგში წარმოადგენდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.
მივიღეთ ჩვენ დასტური იმაზე, რომ მათი მხრიდან იქნება მხარდაჭერა მედიამონიტორინგის რაც შეიძლება ადრე დაწყებაზე, პოლიციური და სხვა სტრუქტურების საქმიანობის მონიტორინგის დაწყებაზე ...

ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეუძლებელია იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა რჩევები მიიღო ვაშინგტონისგან ორი არჩევნების მომლოდინე საქართველომ. თუმცა ფაქტია, რომ, მეტი ინფორმაციის მიღებისა და ნიადაგის მომზადების მიზნით, 16 აპრილის შეხვედრას წინ უსწრებდა ორი ვიდეოხიდი, რომლებსაც თბილისში შეერთებული შტატების საელჩო მასპინძლობდა. ვიდეოხიდის ფორმატის საშუალებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ვაშინგტონში 10 აპრილს მე-3 სექტორის წარმომადგენლებმა, ხოლო 12 აპრილს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა თბილისიდან გააცნეს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა, იქნება ეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ოპონენტების უკანონო შევიწროება თუ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები.

12 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ კონკრეტული მხარდაჭერის იმედს გამოთქვამდა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი:

”მივიღეთ ჩვენ დასტური იმაზე, რომ მათი მხრიდან იქნება მხარდაჭერა მედიამონიტორინგის რაც შეიძლება ადრე დაწყებაზე, პოლიციური და სხვა სტრუქტურების საქმიანობის მონიტორინგის დაწყებაზე რაც შეიძლება სწრაფად და კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირების სისტემის შექმნაზე.”

წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ დავით უსუფაშვილი ამჟამად ბრიუსელში მართავს შეხვედრებს, ხოლო ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში იმავე მიზნით ერთი კვირით გაემგზავრა რესპუბლიკური პარტიისა და კოალიცია ”ქართული ოცნების” კიდევ ერთი წარმომადგენელი, თინა ხიდაშელი.

”ამოცანა მარტივია - ჩვენ გვინდა რომ ვაშინგტონს დავანახვოთ რეალური საქართველო... საქართველო, რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს და რომელსაც მისი პარტნიორების დახმარება სჭირდება ამ გადამწყვეტ ეტაპზე - როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნებისთვის”, - აღნიშნავს თინა ხიდაშელი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG