Accessibility links

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საკონსტიტუციო სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. საუბარია ”ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონის ერთ-ერთ მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ”ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება” შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ ეს ნორმა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას ზღუდავს და მისი გამოყენება სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად უნდა იყოს შესაძლებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს სანქციის საფუძველზე ხორციელდება.

ინტერნეტსპეციალისტი ნოდარ დავითური წლებია პირადი თუ საქმიანი ურთიერთობებისათვის ძირითადად ინტერნეტს იყენებს. ეს გაცილებით მოსახერხებელი და სწრაფიაო, გვეუბნება, და სწორედ ამიტომ მას მიუღებლად მიაჩნია ”ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონში 2010 წელს გაჩენილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავებს სასამართლოს ნებართვის გარეშე შეუძლიათ დააკვირდნენ ინტერნეტში დახურულ საუბრებს. ნოდარ დავითური დარწმუნებულია, რომ ეს პირადი ინფორმაციის სივრცეში უხეში ჩარევაა:

”რა თქმა უნდა, თუკი ამის საჭიროება არ არის დამტკიცებული სასამართლოსთვის და თუკი თვალთვალსა და დაკვირვებაზე არ არის გაცემული სასამართლოს სანქცია, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, რომ მცირედი ეჭვის საფუძველზე ასეთი ტიპის დაკვირვება განხორციელდეს.”

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლითაც დაცულია ადამიანის პირადი კომუნიკაცია ...
თუკი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტში ჩავიხედავთ, იქ წავიკითხავთ, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს შეუძლიათ გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე მონიტორინგი გასწიონ, რაც დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას ემსახურება. იქ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ინტერნეტურთიერთობების დაკვირვების განსახორციელებლად სამართალდამცავებს სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროებათ, თუმცა იმავე მეშვიდე მუხლის მესამე პუნქტი მიუთითებს, რომ, მაგალითად, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება თუ ფარული აუდიო ან ვიდეო ჩაწერა-გადაღება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით უნდა განხორციელდეს. სწორედ ამის გამო შეიტანა გასული წლის სექტემბერში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომლის მთავარი მოთხოვნაა, სამართალდამცველი პირების მიერ დახურული ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგს საფუძვლად სასამართლოს ბრძანება დაედოს.

”ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლითაც დაცულია ადამიანის პირადი კომუნიკაცია, მისი პირადი ცხოვრება და ამ უფლების შეზღუდვა კონსტიტუციით ნებადართულია სასამართლოს ბრძანებით ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სადავო ნორმაში კი არც ერთი და არც მეორე პირობა არ არის მითითებული. ეს არის სერიოზული საფრთხე. თუკი ამ ყველაფერზე არ იქნება სასამართლო კონტროლი, ის ადამიანები, რომლებზეც ხორციელდება ასეთი ტიპის დაკვირვება, ვერასდროს გაიგებენ, რომ მათი ინტერნეტკომუნიკაცია წარმოადგენს დაკვირვების საგანს”, - ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ ინტერნეტდაკვირვებას, მაგრამ ეს სასამართლოს სანქციის გარეშე არ ხდება ...

თუმცა კანონში არ არსებობს სპეციალური ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი მოსამართლის ბრძანების შედეგი უნდა იყოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, რომ ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგს სამართალდამცველი ორგანოები მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ახორციელებენ. მისი მტკიცებით, არც ერთი დაკვირვება მოსამართლის ნებართვის გარეშე არ განხორციელებულა:

”რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ ინტერნეტდაკვირვებას, მაგრამ ეს სასამართლოს სანქციის გარეშე არ ხდება. სხვა შემთხვევაში ამ დაკვირვების შედეგს სასამართლოში, როგორც მტკიცებულებას, ვერ გამოიყენებ. თუ გინდა, რომ სასამართლოში მტკიცებულება წარადგინო, უნდა გქონდეს მოსამართლის სანქცია, რომელმაც მოგცა მონიტორინგის უფლება. ასეთი რამ არ ხდება. არასდროს არავის კერძო იმეილები თუ პირადი მიმოწერა არსად არ გაჟონილა, - არც პრესაში, არც საჯაროდ, - რადგან ეს არის პირადი ინფორმაცია. კერძო მიმოწერაზე გჭირდება სასამართლოს სანქცია, რადგან ის წარმოადგენს პირად კორესპონდენციას”, - ამბობს შოთა უტიაშვილი.

ამასვე ადასტურებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი კახაბერ ანჯაფარიძე და ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ეძლევათ საშუალება განახორციელონ ღია ურთიერთობების მონიტორინგი - იქნება ეს ფორუმი თუ სოციალური ქსელი - და თავად მიიღონ მასში მონაწილეობა, ანუ ჩაერთონ საუბარში, და ეს მაშინ, თუკი არსებობს ეჭვი რაიმე ტიპის დანაშაულის არსებობის შესახებ. მისი მტკიცებით, ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ორი ან სამი ადამიანის პირადი მიმოწერისა თუ კორესპონდენციების კითხვას.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით შვიდთვიანი ინტერვალის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა შესაძლებელია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირადი ცხოვრების შემზღუდველ ნორმად შეფასდეს და ამიტომ კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG