Accessibility links

რუსეთის ბეჭდურმა მედიამ აქტიურად გააშუქა საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობა ადგილობრივ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფლაგმან კომპანია „დელტაში“, რომელმაც ჯავშანტრანსპორტიორების შემდეგ უპილოტო თვითმფრინავების წარმოებაც დაიწყო. „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია „მიხეილ სააკაშვილის უპილოტო გეგმები“, მოტანილია ციტატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებიდან, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლიდან კომპანია დაიწყებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის შეიარაღების შორ მანძილზე გადამტანი უპილოტო თვითმფრინავების წარმოებას. სააკაშვილის თქმითვე, წარმოებასთან ერთად თითქმის სამჯერ - 2,5 ათასიდან 7 ათასამდე - გაიზრდება „დელტაში“ დასაქმებულთა რაოდენობა. სააკაშვილი ოპტიმისტურად უყურებს როგორც საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ასევე მთლიანად ეკონომიკის მომავალს: „ჩვენი პირველი რიგის ამოცანა ეკონომიკის ორნიშნიანი რიცხვით ზრდაა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ საქართველოს სინგაპურიზაციას. პოლიტიკური სისტემის მიხედვით, ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, მაგრამ გვჭირდება ახალი ტექნოლოგიები, განათლების მაღალი დონე, ქვეყნის განვითარება. გვჭირდება ნახტომი. ვერ ვიქნებით საშუალო ევროპული ქვეყანა ეკონომიკის 2-3 პროცენტიანი მატებით“. სტატიის ბოლოში გაზეთის რედაქცია შენიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ხან ღიად და ხანაც მინიშნებით, რუსეთთან დაპირისპირებასა და კონკურენციაზე საუბრობდა, რის საფუძველზეც სტატიის ავტორმა დაასკვნა: მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის მიხედვით, საქართველო მიღწეულ წარმატებებს რუსეთს უნდა უმადლოდეს. რუსეთიდან მომავალი გამუდმებული საფრთხე პატარა ქვეყანას მობილიზებას, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვასა და საკუთარი წარმოების განვითარებას აიძულებს, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, მოსკოვს ამგვარი სტიმულირებისათვის მადლობას არავინ ეუბნება.

საქართველოსა და მისი პრეზიდენტის შესახებ წერს გაზეთი „კომერსანტიც“. სტატიის შესავალში ვკითხულობთ: „საქართველო შეუდგა 150 ათასიანი რეზერვისტთა კორპუსის ჩამოყალიბებას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში რეზერვისტებმა დახმარება უნდა აღმოუჩინონ 30 ათასიან შეიარაღებულ ძალებს. ამასთან, ახალი ფორმირების დანიშნებულებაა წინ აღუდგეს როგორც გარე, ისე შიდა მტერს.“ სტატიის ავტორი ელაპარაკა საქართველოში გამომავალი სამხედრო-პოლიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს, რომლის თქმითაც, პრეზიდენტი სააკაშვილი რეზერვის ახალ სისტემაზე ლაპარაკობს:

„ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს გაწვევითი რეზერვის ჩვეულებრივი სისტემა. რეზერვისტებს იწვევენ და ამზადებენ სახმელეთო ჯარებში, პრეზიდენტმა იგულისხმა ნებაყოფლობითი რეზერვის პარალელური სისტემა, რომელიც ტერიტორიული პრინციპის მიხედვით იქმნება. „ნებაყოფლობით რეზერვს“ მოამზადებს არა სახმელეთო ჯარი, არამედ საქართველოს ეროვნული გვარდიის სამმართველო. ამგვარად, ყოველ სოფელში იდგება სარეზერვო დანაყოფი, რომლის მიზანი ზუსტადაც რომ ამ დასახლებული პუნქტის დაცვა იქნება. რეზერვისტებს დაურიგდებათ ტაბელური ავტომატური ან სხვა სახის იარაღი, რომელიც მოთავსებული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოეს განყოფილებაში.“

„ნოვიე იზვესტია“ კი ულიანოვსკში ავღანეთისაკენ მიმავალი ნატოს სატრანზიტო ტვირთებისათვის დამხმარე პუნქტის გახსნის შესახებ წერს. რედაქციის თანახმად, რუსეთის საზოგადოების დიდ ნაწილს არ აკმაყოფილებს ქვეყნის საგარეო უწყების განმარტება, რომლის მიხედვითაც საუბარია არა სამხედრო ბაზის გახსნაზე, არამედ ასაფრენი ბილიკის გამოყენებაზე და რომ ულიანოვსკში არ გაჩერდებიან ნატოს არც სამხედრო და არც სამოქალაქო პირები. თუმცა, ამგვარი განმარტების მიუხედავად, ულიანოვსკელმა კომუნისტებმა პროტესტის ნაშნად შიმშილობა მაინც გამოაცხადეს. სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც „ლევადა ცენტრმა“ ჩაატარა, რუსეთის მოსახლეობის 42 პროცენტი ნატოსთან თანამშრომლობის წინააღმდეგია. ცენტრის დირექტორის მოადგილის ალექსეი გრაჟდანკინის თქმით, ნატოსადმი რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულება უკიდურესად ნეგატიური გახდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.
XS
SM
MD
LG