Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალი ტექნიკა ზოგან თვალით არ უნახავთ


სოფელ სკრის მცხოვრები გოდერძი ლომიძე ამბობს, რომ მიწა უკვე დაამუშავა, ამისთვის კი სოფელში არსებული ძველი ტრაქტორი გამოიყენა. სკრაში ახალი ტექნიკა ჯერ არ გამოჩენილა.

გორის რაიონის ზოგიერთ სოფელში მიწის დამუშავება ისევ ხელით უწევთ. ზოგან მექანიზაციის ცენტრის მომსახურების მაღალ ტარიფებზე საუბრობენ, ზოგან კი ტრაქტორი საერთოდ არ არსებობს - მაგალითად, კონფლიქტის ზონის სოფელ მეღვრეკისის მცხოვრებნი ამბობენ, რომ არც ძველი და არც ახალი ტრაქტორები თვალით არ უნახავთ.

შიდა ქართლში ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანა ერთი კვირის წინ დაიწყეს. რეგიონში პირველ ეტაპზე 28 ტრაქტორი შემოვიდა, რომლებიც კასპის და ქარელის მომსახურების ცენტრებში გადანაწილდა. უახლოეს ხანში დამატებითი ტექნიკის შემოყვანაც იგეგმება, მათ შორის - კომბაინებისაც. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, აღნიშნული ტექნიკით სარგებლობის ტარიფი შეღავათიანი იქნება. ახალი ტრაქტორებით პირველად ნადარბაზევის მიწის ნაკვეთები მოიხნა, ამ საქმეს კი გადამზადებული ტრაქტორისტები აკეთებდნენ.

რეგიონში ახალი ტრაქტორები ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ჩამოიყვანა. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფერმერებს შრომა შეუმსუბუქოს და ახალი მექანიზაციის გამოყენებით მათ უკეთესი მოსავალი მიიღონ.

ქარელის მომსახურების ცენტრთან იქმნება ექსტენციის ცენტრი, რომელიც ლაბორატორიით, ამინდის სადგურით, სადემონსტრაციო ნაკვეთით, სასწავლო ტექნიკითა და დარბაზით აღიჭურვება. დაინტერესებულ გლეხებს და ფერმერებს აღნიშნულ ცენტრში საშუალება ექნებათ უფასოდ დაეუფლონ ახალი ტექნიკის საფუძვლებს და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებში აიმაღლონ კვალიფიკაცია.

საქართველოში უკვე 126 ერთეული ტექნიკა შემოვიდა, რომელიც რეგიონებში გაიგზავნა. ბელორუსის წარმოების ტექნიკა სხვადასხვა სიმძლავრის და დანიშნულებისაა. ტექნიკის შეძენა და რეგიონებში გადანაწილება ისევ გაგრძელდება და 4 ეტაპად განხორციელდება, წლის ბოლომდე კი ქვეყანაში 600 ერთეული ტექნიკა და 1200 მისაბმელი გუთანი იქნება.
XS
SM
MD
LG