Accessibility links

logo-print

მოსკოვში გაიმართა სერგეი ლავროვისა და ვაიჩესლავ ჩირიკბას შეხვედრა


დღეს მოსკოვში გაიმართა რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება, რომლის დასრულების შემდეგ სერგეი ლავროვმა და ვაიჩესლავ ჩირიკბამ ხელი მოაწერეს სამინისტროთა კონსულტაციების ერთწლიან გეგმას. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში აფხაზეთთან გაფორმდება ვაჭრობის რეჟიმის და კავშირგაბმულობისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის დოკუმენტები. ამავე პრესკონფერენციაზე ჩირიკბამ, მოსკოვის მსგავსად, გააკრიტიკა საქართველო, რომელმაც რუსეთის მიმართ შეეწყვიტა ღია ცის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამ გადაწყვეტილებას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა პროვოკაციული და დესტაბილიზაციის გამომწვევი უწოდა. ამასთან, ჩირიკბამ დასძინა, რომ თბილისის მიერ მიღებული ზომები აფხაზეთში განსაკუთრებულ შეშფოთებას არ იწვევს, რადგან რუსეთთან ერთად საზღვრისა და საჰაერო სივრცის დაცვის ხელშეკრულებების იმედი აქვთ. საქართველომ ღია ცის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება 3 აპრილს შეწყვიტა იმ მიზეზით, რომ მოსკოვმა თვითნებური შეზღუდვები დაუწესა ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს და აკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან. თბილისის საპასუხო გადაწყვეტილება მოსკოვმა ხელშეკრულების დარღვევად და სახიფათო პრეცედენტად შეაფასა.
XS
SM
MD
LG