Accessibility links

logo-print

სერგეი ლავროვი: საქართველოში ჩასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის


საქართველოში ჩასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის და ამაში ზოგიერთი უკვე თავადაც დარწმუნდა - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, საქართველოში არსებული კანონით ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოდან არ ჩავა პატიმრობით, ან ფულადი ჯარიმით ისჯება. ლავროვის თქმით, რუსეთის არაერთი მოქალაქე უკვე ემსხვერპლა ”ამ აღმაშფოთებელ საკანონმდებლო აქტს” და სწორედ ამით იყო განპირობებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის მოქალაქეების ამასწინანდელი გაფრთხილება, თავი შეეკავებინათ საქართველოში გამგზავრებისგან. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსეთისთვის საფრთხეა საქართველოში ჩამოსული ყოველი რუსი ტურისტი, რომელიც თავად ნახავს, რეალურად როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში და რამდენად არ შეესაბამება სიმართლეს რუსული პროპაგანდა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს მისმა მოქალაქეებმა ნახონ, როგორ ვითარდება მეზობელი სახელმწიფო, რომლის 20% ოკუპირებული აქვს.
XS
SM
MD
LG