Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევგენია ჩირიკოვას გოლდმანის ეკოლოგიური პრემია მიენიჭა


ევგენია ჩირიკოვა
ევგენია ჩირიკოვა
გარემოსდაცვითი მოღვაწეობისათვის დაწესებული მსოფლიოში უდიდესი გოლდმანის პრემია მოსკოვის “ხიმკის ტყის დამცველი მოძრაობის” ლიდერს ევგენია ჩირიკოვას მიენიჭა. რუსი აქტივისტის გარდა, 150 ათასი დოლარის მოცულობის პრემია კენიელმა, ჩინელმა, ფილიპინელმა, ამერიკელმა და არგენტინელმა გარემოსდამცველებმა მიიღეს.

16 აპრილს, გოლდმანის პრესტიჟული პრემიის მიღებამდე ერთი დღით ადრე, დაუდგენელმა პირებმა სასტიკად სცემეს „ხიმკის ტყის დამცველების“ ერთ-ერთ აქტივისტს, ალექსეი დმიტრიევს, რომელიც აქტიურად უპირისპირდება ხიმკის ტყის განადგურებას. ამიტომ პრესტიჟული პრემიით დაჯილდოების ცერემონიაზე მოძრაობა „ხიმკის ტყის დამცველების“ ლიდერმა ევგენია ჩირიკოვამ განაცხადა, რომ პრემია თითოეულ აქტივისტს ეკუთვნის და, შესაბამისად, მიღებულ 150 ათას დოლარს იგი მთლიანად რუსეთში გარემოსდაცვითი მუშაობის გაფართოებას მოახმარს:
ხიმკის ტყის დაცვის ლოკალური საქმე ძალიან ნიშანდობლივი აღმოჩნდა. ლოკალური პროექტის უკან დგას საერთაშორისო მასშტაბის კორუფცია ...
ევგენია ჩირიკოვა

„ეს პრემია შესაძლებლობას მომცემს მთელი რუსეთის მასშტაბით ათასობით, მილიონობით გარემოსდამცველს დავეხმარო ორგანიზებაში. ჯერჯერობით ისინი რუსეთში არცთუ ისე ბევრნი არიან, სულ რაღაც რამდენიმე ათეული გარემოსდამცველი დაითვლება. მე კი მსურს, რომ ისინი იყვნენ რამდენიმე ათასი, რათა ჩვენი მიწის ეფექტურ დაცვაში დაგვეხმარონ.“

მოსკოვთან ახლომდებარე ხიმკის ტყის დასაცავად უთანასწორო ბრძოლას უკვე ხუთი წელია ეწევიან რუსი გარემოსდამცველები. მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგის ტრასის მშენებლობის გამო, ხიმკის ტყე იკაფება, რასაც „მოძრაობის“ აქტივისტები თავგამოდებით აპროტესტებენ. მშენებლებსა და გარემოსდამცველებს შორის დაპირისპირების ისტორიამ იცის რამდენიმე თავდასხმა. 2008 წელს უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს გამოცემა „ხიმკის პრავდის“ რედაქტორს მიხაილ ბეკეტოვს, რომელსაც ფეხისა და ხელის თითების ამპუტაცია ჩაუტარდა. მიღებული ტრავმების შედეგად, ბეკეტოვმა დაკარგა მეტყველების უნარი და პირველი ჯგუფის ინვალიდად იქცა. 2010 წელს კი ბეისბოლის კეტით გაუტეხეს თავი კიდევ ერთ აქტივისტს, კონსტანტინ ფეტისოვს, რომელიც დღემდე გადის რეაბილიტაციის კურსს. არც ერთი თავდასხმა აქამდე გამოძიებული არ არის. მოძრაობა „ხიმკის ტყის დამცველების“ ლიდერი, გოლდმანის პრემიის ლაურეატი ევგენია ჩირიკოვა კი გაჩუმებას არ აპირებს. 17 აპრილს დაჯილდოების ცერემონიაზე ჩირიკოვამ ხიმკის ტყის განადგურებაში, კორუმპირებული რუსი მოხელეების გარდა, ბრალი ფრანგულ ფირმასაც დასდო:

„ხიმკის ტყის დაცვის ლოკალური საქმე ძალიან ნიშანდობლივი აღმოჩნდა. ლოკალური პროექტის უკან დგას საერთაშორისო მასშტაბის კორუფცია, რომელშიც ჩართული არიან ფრანგული კომპანია „ვინსია“ და კორუმპირებული რუსი მოხელეები. ასეთი პრობლემის გადაწყვეტა საერთაშორისო დონეზეა საჭირო.“

ამ პრობლემის გადაწყვეტის პირველ ნაბიჯად, ევგენია ჩირიკოვას აზრით, უნდა იქცეს სერგეი მაგნიტსკის სახელობის კანონის მიღება, რაც შესაძლებლობას მისცემს სამართალდამცველებს დააპატიმრონ იმ რუსი მოხელეების ქონება, რომლებიც შემჩნეულნი არიან კორუფციაში. ამ პროექტების რეალიზებისთვის „ხიმკის ტყის დამცველებს“, რუსეთის საზოგადოების აქტიური ნაწილის მხარდაჭერის გარდა, საერთაშორისო აღიარებაც აქვთ. ამერიკელი ფილანტროპების რიჩარდ და რონი გოლდმანების მიერ 1989 წელს დაარსებული პრესტიჟული პრემია, როგორც ევგენია ჩირიკოვა იმედოვნებს, რუს გარემოსდამცველებს შესაძლებლობას მისცემს საკუთარი საქმიანობა მთელი რუსეთის მასშტაბით გაშალონ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG