Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკის ახალი პრეზიდენტი ძალიან განსხვავდება წინამორბედებისგან


ჯიმ იონ კიმი

ჯიმ იონ კიმი

მსოფლიო ბანკის ახალ დირექტორად სამხრეთ კორეაში დაბადებული პედაგოგი და განათლების სპეციალისტი დაინიშნა. ერთ-ერთი უძლიერესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ახალი ხელმძღვანელი უკვე თუნდაც იმით განსხვავდება წინამორბედებისგან, რომ 52 წლის ჯიმ იონ კიმი ჯანმრთელობის განვითარების პროგრამებს მსოფლიოს ყველაზე უღარიბეს ქვეყნებში ახორციელებდა.

მსოფლიო ბანკის, უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის წინა 10 დირექტორი მამრობითი სქესის თეთრკანიანი ბანკირები ანდა ვაშინგტონში მომუშავე ოფიციალური მოხელეები იყვნენ, ჯიმ კიმი კი - სწორედ ამ შემოკლებული სახელით არის ცნობილი მსოფლიო ბანკის მომავალი პრეზიდენტი - არც ერთია და არც მეორე. ჯიმ კიმი ექიმია, მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში განვითარების პროგრამების განხორციელების პრაქტიკით, და, რაც მთავარია, აზიაში დაბადებული ამერიკელი. ამ წარმომავლობისა და ბიოგრაფიის ადამიანი 30 ივნისის შემდეგ პირველად გახდება ბანკის დირექტორი. სწორედ ეს არის ბოლო ვადა, როდესაც თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი დირექტორი რობერტ ზელიკი. თუმცა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჯიმ კიმის კანდიდატურამ მხარდაჭერა მოიპოვა, ის წვლილია, რაც მან ღარიბ ქვეყნებში, განსაკუთრებით პერუში, ტუბერკულოზის, შიდსისა და სხვა საშიში დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეიტანა. სწორედ ამ წარმატებულმა ბიოგრაფიამ აქცია აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ჯიმ კიმის თავგამოდებულ მხარდამჭერად.

„დარწმუნებული ვარ, რომ დოქტორ ჯიმ კიმზე უფრო კვალიფიციურად ამ მისიას ვერავინ შეასრულებს. დადგა დრო, განვითარების პროფესიონალმა უხელმძღვანელოს მსოფლიოს უდიდეს განვითარების სააგენტოს“, განაცხადა 23 მარტს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

თუმცა მსოფლიო ბანკის დირექტორის პოსტზე ჯიმ კიმის არჩევას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. ამის მიზეზი კი 1945 წლიდან დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომლის თანახმად მსოფლიო ბანკის კანდიდატის გამარჯვებას ვაშინგტონი წყვეტს. წელს კი რამდენიმე ქვეყანა დაუპირისპირდა ამ პრაქტიკას, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მათ მიერ წამოყენებული კანდიდატები უფრო უკეთ გაართმევდნენ თავს მსოფლიო ბანკის მართვას. ორი კანდიდატი - ნიგერიის ფინანსთა მინისტრი ქალი ნგოზი ოკონჯო ივეალა და კოლუმბიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ჟოზე ანტონიო ო კამპო - არ მალავდა, რომ თავი ჯიმ კიმზე უფრო კვალიფიციურად მიაჩნდათ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უფრო უკეთაც გაუძღვებოდნენ მსოფლიო ბანკს. განსაკუთრებით მძაფრი კრიტიკით გამოირჩეოდა ნგოზი ოკონჯო ივეალა, მსოფლიო ბანკის მთავარი მენეჯერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ფრანს პრესის სააგენტოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის დირექტორი არჩეული იქნა დაუმსახურებლად, უსამართლო არჩევის სისტემით, რომელსაც დასავლეთის სახელმწიფოები განაგებენ. ასეთმა განწყობამ კი შესაძლოა პირველ ხანებში ძალიან შეაფერხოს მსოფლიო ბანკის დირექტორის პოსტზე ჯიმ კიმის მუშაობა. შესაბამისად, ჯიმ კიმის სამსახურებრივი ბრძანებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ გააძლიეროს საკუთარი ავტორიტეტი მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერთა თვალში. და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს იგი წარმოადგინოს საკუთარი ხედვა, თუ როგორ აპირებს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მსოფლიო ღარიბი ქვეყნების მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG