Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროექტი JOIN - ”ერთად ადგილობრივი განვითარებისაკენ”


კონფერენციას თემაზე - ”ერთად ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის”
კონფერენციას თემაზე - ”ერთად ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის”
18 აპრილს თბილისში ორგანიზაციამ ”CARE International კავკასიაში” ქართველ და სომეხ პარტნიორებთან ერთად უმასპინძლა კონფერენციას თემაზე - ”ერთად ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის”, რომელიც სამწლიანი ე.წ. JOIN-პროექტის ფარგლებში გაიმართა. ეს პროექტი მოსაზღვრე რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და ჩართულობას ითვალისწინებს და ის საქართველოში ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ხოლო სომხეთში ლორის, ტავუშისა და შირაქის რეგიონებში ხორციელდება.

ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელსაც ორგანიზაცია ”CARE International კავკასიაში” ახორციელებს ქართულ და სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ტყუილად არ ჰქვია JOIN - ჩართვა. ის სწორედ სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებში მოსაზღვრე რეგიონების მოსახლეობის ჩართულობას გულისხმობს, რათა მათ თავად შეაფასონ რეგიონებში არსებული ვითარება, განსაზღვრონ პრობლემები და საჭიროებები ან, მაგალითად, თავად დაწერონ ბიზნესგეგმა. სამწლიანი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ღარიბ მოსახლეობაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა, - გვეუბნება CARE-ის წარმომადგენელი, პროექტის დირექტორი ენტონი ფორმანი:

”ეს პროექტი უნდა დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს და ადგილობრივ მთავრობას იმ იდეების განხორციელებაში, რომელთაც აქვთ რეალური პოტენციალი როგორც სამუშაო ადგილების შექმნის, ისე ეკონომიკური ზრდის, სოციალური პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე ყველა დაინტერესებული მხარისათვის, ვისაც მასში მონაწილეობის მიღება სურს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ადგილობრივებს განვუვითაროთ უნარ-ჩვევები, თუ როგორ უნდა მიიზიდონ შესაძლო ინვესტორები ან დააინტერესონ ადგილობრივი მთავრობა თავიანთი იდეების განხორციელებით. გვინდა მათ ისწავლონ ამ იდეების წარმოდგენა და მხარდაჭერის პოვნა.”
სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებული ადამიანები შეიკრიბებიან და ერთად გადაწყვეტენ, თუ რა არის მათი მუნიციპალიტეტის თუ თემის უპირატესობა სხვებთან შედარებით, რისი წარმოება შეიძლება, რა ბუნებრივი რესურსები აქვთ მათ, რაც სხვაგან არ არის და რისი განვითარებაა შესაძლებელი...
მიხეილ პაკაცოშვილი

JOIN-პროექტის კოორდინატორი მიხეილ პაკაცოშვილი გვიხსნის, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების 13 მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებიც სოფლის მეურნეობის რომელიმე სფეროში საინვესტიციო წინადადებებს შეიმუშავებენ:

”სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებული ადამიანები შეიკრიბებიან და ერთად გადაწყვეტენ, თუ რა არის მათი მუნიციპალიტეტის თუ თემის უპირატესობა სხვებთან შედარებით, რისი წარმოება შეიძლება, რა ბუნებრივი რესურსები აქვთ მათ, რაც სხვაგან არ არის და რისი განვითარებაა შესაძლებელი. და რაც მთავარია, ეს პროექტი ხელს შეუწყობს იმას, რომ მათი წინადადებები მივიდეს ცენტრალურ დონეზე მოქმედ მოთამაშეებთან, ვისაც აქვს ინტერესიც და რესურსიც ხელი შეუწყოს მათი იდეების განხორციელებას. ეს შესაძლოა იყოს მთავრობა, დონორები ან ინვესტორები, რომლებსაც აინტერესებთ რა პოტენციალი არსებობს რეგიონებში.”

პროექტის ერთ-ერთი პარტნიორის, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად დევდარიანი მოგვითხრობს, რომ სამუშაო ჯგუფებს უკვე ხელთ აქვთ საბაზისო კვლევა, რომელიც პროექტის პირველ ეტაპზე ჩატარდა და რომელიც მათთვის საინვესტიციო წინადადებებზე მუშაობისას ერთგვარი ორიენტირი იქნება:

”როცა თემა გამოიკვეთება, შემდეგ იწყება მუშაობა მისი ბიზნესგეგმის ტიპის დოკუმენტის შექმნაზე. მაგალითად, თუ აქტუალური თემაა მერძევეობა, წერენ რა არის საჭირო მისი უკეთესად განვითარებისთვის. შეიძლება ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე აღმოჩნდეს, რომ უკეთესი ძროხის ჯიშია საჭირო ან რძის საწველი აპარატები, ან სულაც რძის შემგროვებელი პუნქტებია არასაკმარისი. შეიძლება ისიც აღმოჩნდეს, რომ კარგი ყველის წარმოების მეთოდოლოგია სომხეთში არსებობდეს, ანუ ეს ჯაჭვი შეკრას. თავის მხრივ, ამ ჯაჭვის მთავარი კომპონენტია ბაზარი, ანუ ჩვენი რძე და, ვთქვათ, სომხეთში დამზადებული ყველი სად იყიდება..."
მათ, როგორც აღმოჩნდა, არასოდეს შეუსწავლიათ სოფლებში არსებული საჭიროებები. სწორედ ესაა რეგიონებში დაბალი პროდუქტიულობის მიზეზი. იქ შესაძლებელზე 25%-ით ნაკლები მოსავალი მოდის...
პოლ კლარკი

კვლევის მიხედვით, ადგილობრივ ფერმერებს ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ, მათ არ იციან, მაგალითად, როგორია ფასები საერთაშორისო ბაზარზე, არაფერი სმენიათ იმაზე, თუ როგორ ვითარდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ამის მიზეზად TBSC Consulting-ის პრეზიდენტი პოლ კლარკი ადგილობრივ მთავრობებსა და მოსახლეობას შორის არასაკმარის კომუნიკაციას ასახელებს.

”მათ, როგორც აღმოჩნდა, არასოდეს შეუსწავლიათ სოფლებში არსებული საჭიროებები. სწორედ ესაა რეგიონებში დაბალი პროდუქტიულობის მიზეზი. იქ შესაძლებელზე 25%-ით ნაკლები მოსავალი მოდის”, - აცხადებს პოლ კლარკი.

კონფერენციის პარალელურად, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში და ასევე ლორის, ტავუშისა და შირაქის რეგიონებში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენაც გაიმართა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG