Accessibility links

logo-print
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ რეგიონალური შემაჯამებელი თათბირი გამართა. საყოველთაო "კარდაკარი", რომელიც ამომრჩეველთა სიის დასაზუსტებლად დაიგეგმა, 20 აპრილს იწყება და 10 ივნისამდე გასტანს, საბოლოო შედეგებს კი კომისია პირველი აგვისტოსთვის გამოაქვეყნებს. რა ღონისძიებები განახორციელა კომისიამ ხუთი თვის განმავლობაში და რა პრობლემების წინაშე დგას ის ამ დროისათვის?

იოსებ ბორცვაძე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შიდა ქართლის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია. ის და კიდევ 10 რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელები თბილისში შემაჯამებელ შეხვედრაზე ჩამოვიდნენ. 20 აპრილს ”კარდაკარი” იწყება. უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები ”კარდაკარის” დაწყებამდე ორი დღით ადრე კომისიის ცენტრალურ ოფისში განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის მთავარი ადგილი იმ საპილოტე პროგრამამ დაიკავა, რომელიც 10-12 აპრილს საქართველოს მასშტაბით 25 უბანზე ჩატარდა. მათ შორის ორი უბანი შიდა ქართლიდანაც შეირჩა.

”გარკვეულ უბნებზე აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო საზღვარგარეთ გასული, თუმცა ისინი კვლავაც ამომრჩეველთა სიაში ირიცხებოდნენ. ესენი ის ადამიანები არიან, რომელთა ხმებითაც ხელისუფლება არჩევნების დროს მანიპულირებდა”, - ამბობს იოსებ ბორცვაძე.

20 აპრილიდან 10 ივნისის ჩათვლით 11100 რეგისტრატორი, რომლებმაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის სპეციალური ტრენინგები გაიარეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას შეეცდებიან. როგორც კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე განგვიმარტავს, ისინი ყველა უბანს და ყველა ოლქს მოივლიან და ამომრჩეველთა სიებს მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტით დააზუსტებენ. საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების დაფიქსირება, დაუდგენელი და ე.წ. მიწერილი მოქალაქეების აღმოჩენა, ამომრჩეველთა სიებიდან გარდაცვლილთა ამოღება და სიებში შესაბამისი შენიშვნების დატანა - ეს არის ის მთავარი დავალება, რომლის შესრულებაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე მომუშავე რეგისტრატორებს მოუწევთ. როგორც მამუკა კაციტაძე ამბობს, ე.წ-მა საპილოტე ”კარდაკარმა” აჩვენა, რომ, გაწეული მუშაობის მიუხედავად, რეგისტრატორებმა საველე მუშაობისას გარკვეული შეცდომები დაუშვეს, რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს:
ერთი მხრივ, იკითხება, რომ თითოეულ მისამართზე მიწერილია ბევრი ადამიანი, თუმცა რეალურად ადგილზე მისვლის დროს აღმოჩნდა, რომ თვითონ დამისამართება არის, ასე ვთქვათ, შეცდომით გაკეთებული და ამ კონკრეტულ მისამართზე მიწერილია ძალიან ბევრი კერძო სახლი...

”გამოჩნდა რაღაც ტიპის პრობლემები: რეგისტრატორმა უშუალოდ ველზე მუშაობისას ვერ შეასრულა ის დავალებები, რომლებიც მან ტრენინგების დროს გაიარა. კერძოდ, ჩანიშნა რა კონკრეტული კოდი, მაგალითად, გარდაცვლილია, გასულია საზღვარგარეთ, არ ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე, შენიშვნის გრაფაში შესაბამისი ჩანაწერი მან აღარ გააკეთა”, - ამბობს მამუკა კაციტაძე.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ, გარდა რეგისტრატორების მხრიდან დაშვებული შეცდომებისა, საპილოტე ”კარდაკარის” პროცესში დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა ე.წ. დამისამართების საკითხი, მათ შორის - თბილისშიც. ბადრი ნიაური სიების დაზუსტების კომისიის მდივანი და არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ცენტრის” წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში სწორედ ამ პრობლემაზე მიუთითებს:

”ერთი მხრივ, იკითხება, რომ თითოეულ მისამართზე მიწერილია ბევრი ადამიანი, თუმცა რეალურად ადგილზე მისვლის დროს აღმოჩნდა, რომ თვითონ დამისამართება არის, ასე ვთქვათ, შეცდომით გაკეთებული და ამ კონკრეტულ მისამართზე მიწერილია ძალიან ბევრი კერძო სახლი.”

თუკი დამისამართების საკითხზე შევჩერდებით, მაშინ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. ის იმ პროექტის განხორციელებას ისახავდა მიზნად, რომელიც ამომრჩეველთა სიების დახვეწას გულისხმობს და რაც თბილისში დამისამართების მოწესრიგების გზით უნდა განხორციელებულიყო. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დამისამართების პროექტი ერთი მილიონი დოლარით დააფინანსა, თბილისის მერიამ კი ვალდებულება აიღო 2012 წლის ივნისამდე უწყვეტ რეჟიმში ყველა მისამართი სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს. მაშინ შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა თქვა, რომ დამისამართების მოწესრიგება ამომრჩეველთა სიის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა:
ჯონ ბასი

ჯონ ბასი


”ეს არის მიმდინარე აქტივობების ერთ-ერთი ნაწილი, რომ ამ ქვეყნის ხალხს დავეხმაროთ შექმნას საუკეთესო, გამჭვირვალე, სამართლიანი საარჩევნო გარემო მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.”

თუკი კვლავ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მუშაობას დავუბრუნდებით, უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი საკითხი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 60 %-მა არაფერი იცის კომისიისა და ”კარდაკარის” შესახებ. მამუკა კაციტაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ აქტიური საინფორმაციო კამპანია უახლოეს დღეებში დაიწყება, უმთავრეს საზრუნავად კი ის უკვე საველე სამუშაოებს ასახელებს:

”დაფიქრების ძირითადი საგანი არის ის, თუ რამდენად იქნება პრაქტიკაში გამოყენებული ის ცოდნა, რომელიც რეგისტრატორებმა თეორიულად მიიღეს ტრენინგების დროს”, - ამბობს მამუკა კაციტაძე.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის ბიუჯეტმა 5 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ განგვიმარტა, ამ თანხის თითქმის ნახევარი რეგისტრატორთა ანაზღაურებისათვის გამოიყო, დარჩენილი თანხა კი სარეკლამო კამპანიას, საოფისე ხარჯებსა და რეგიონალური წარმომადგენლობების ხელფასებს მოხმარდება. რეგისტრატორთა ანაზღაურება 110 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. როგორც მამუკა კაციტაძე განმარტავს, თითოეულ მათგანთან გაფორმებულია ხელშეკრულება და ისინი ანაზღაურებას გაწეული სამუშაოს შემდეგ მიიღებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG