Accessibility links

საქართველოში 2010 წელს განხორციელებული ტერაქტების გამო მსჯავრდებულთა პროცესი გადაიდო


საქართველოში 2010 წელს განხორციელებული ტერაქტების გამო მსჯავრდებულთა პროცესი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს უნდა განახლებულიყო, 20 აპრილისთვის გადაიდო. მოსამართლის განმარტებით, პროცესის დაწყებამდე აცნობეს, რომ პატიმრების სასამართლოში მიყვანის პრობლემა არსებობდა. მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს წერილობით მიმართავს და კონკრეტული მიზეზის გარკვევას შეეცდება. თავის მხრივ, მსჯავრდებულთა ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პატიმრები სასამართლოში შეგნებულად არ მიიყვანეს, რადგან ერთ-ერთი მათგანი, მერაბ ყოლბაია დღეს აპირებდა განეცხადებინა, რომ სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს და მოსამართლისთვის ეთხოვა მისი ხელახალი დაკითხვა. გასულ კვირაში ადვოკატებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ მერაბ ყოლბაიამ და კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა გოგიტა არქანიამ თავდაპირველი ჩვენებები შეცვალეს. კერძოდ, ყოლბაიამ ტერაქტებში მონაწილეობა უარყო და განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მისცა. არქანიამ კი ტერაქტის მოწყობა მხოლოდ თბილისში აღიარა და განაცხადა, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. 2010 წლის დეკემბერში დაკავებული მერაბ ყოლბაია და გოგიტა არქანია დამნაშავედ ცნეს თბილისში 4 აფეთქების მოწყობაში, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის ოფისთან და აშშ-ის საელჩოსთან და ასევე, ხობის რაიონში სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ შარშან ივნისში მიუსაჯა 30-30 წლიანი პატიმრობა, რაც ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
XS
SM
MD
LG