Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინაუგურაციის წინ უკმაყოფილო ოპოზიცია


ცხინვალი
ცხინვალი
ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ოპოზიცია ისევ უკმაყოფილოა. კითხვები უკვე ახლად არჩეული თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ ჩნდება. ძამბოლათ თედეევის შესახებ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ თიბილოვი არაადეკვატურად მოქმედებს. რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თიბილოვის ინაუგურაციაზე მიემგზავრებოდა, როცა მინვოდის აეროპორტში უწყება გადასცეს და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საგამოძიებო კომიტეტში გამოიძახეს. რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, თედეევს უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და ვლადიკავკაზის ბინაში დარჩენა ურჩიეს, კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მას დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩასვლა ეკრძალება. ამ ფაქტმა თედეევის გარემოცვის აღშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, იგი ცხინვალში ინაუგურაციაზე დასასწრებად და გამოძიებასთან სათანამშრომლოდ მიდიოდა. თედეევის ნათესავი ელინა მარზოევა ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტმა კოკოითიმ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში საკუთარი კავშირები აამოქმედა და მაქსიმალურად ცდილობს, თედეევი ცხინვალში არ მოხვდეს.

თედეევის სახლში გამოკეტვასთან დაკავშირებით ჩვენი რადიო ლეონიდ თიბილოვსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მოწვევა თვითონ გაუგზავნა ოპოზიციის ლიდერს, თუმცა თანამდებობის დაკავებამდე მოვლენებზე გავლენას ვერ მოახდენს და ვერ დაელაპარაკება რუსეთის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს.

თედეევის ცხინვალში მყოფი მომხრეები მისი იზოლაციით აღშფოთებას არ მალავენ და მიტინგების გამართვით იმუქრებიან. ოპოზიციის ლიდერის, ალა ჯიოევასთვის გაუგებარია თედეევის მიმართ რუსეთის ძალოვან უწყებათა დამოკიდებულება. მისი თქმით, თედეევი თიბილოვს დაეხმარა არჩევნებში გამარჯვება მოეპოვებინა, ახლა კი ცხინვალში ჩასვლა ეკრძალება. ჯიოევას აზრით, თიბილოვმა ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს. ალა ჯიოევა თიბილოვის ინაუგურაციაზე წასვლას აპირებს.

ჯიოევას შტაბში გაჩნდა სხვა ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც, ინაუგურაციაზე ჩასვლა მოსკოვის ოსური დიასპორის ხელმძღვანელს ვალერი კაბოლოვსაც ეკრძალება. ოპოზიციისთვის მიუღებელია თიბილოვის დუმილი იმ დროს, როცა მის სტუმრებს პატივს არ სცემენ. ჯიოევა ინაუგურაციაზე იმისთვისაც წავა, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ბელა პლიევას, კითხვები დაუსვას. როგორც ცნობილია, კომისიის დადგენილება ნოემბრის არჩევნებზე ჯიოევას გამარჯვების შესახებ არავის გაუუქმებია, ამიტომ მისი კითხვებიც ამ დადგენილებას ეხება.

წინასწარი ინფორმაციით, ღონისძიებას დე ფაქტო რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც დაესწრება. ჯიოევას მასთანაც არაერთი კითხვა აქვს, მაგრამ ინაუგურაციაზე ამას არ გააკეთებს და კითხვებს მოგვიანებით დასვამს.

ოპოზიცია თიბილოვის პირველი ნაბიჯებით უკვე იმედგაცრუებულია. მათი აზრით, ახლად არჩეული პრეზიდენტი არ აპირებს არც ძველ ხელისუფლებასთან და არც კრემლის კურატორებთან კონფრონტაციაში შესვლას. სწორედ ამის გამოა, რომ ვიღაცის ხელი ინაუგურაციაზე მოწვეულთა სიიდან არასასურველ სტუმრებს შლის, თიბილოვს კი ამაზე რეაქცია არა აქვს.
XS
SM
MD
LG