Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში ეთნიკური დაძაბულობა იზრდება


სკოპიე
სკოპიე
ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში არსებული მდგომარეობა ძალიან დაამძიმა მაკედონიელ სლავებსა და ეთნიკურ ალბანელებს შორის ახლახან მომხდარმა ძალადობის შემთხვევებმა. როგორც იუწყებიან, 2001 წლის შემდეგ, როცა ძლივძლივობით მოხერხდა სამოქალაქო ომის თავიდან აცილება, ვითარება ასეთი დაძაბული არ ყოფილა.

მაკედონიის ორ უდიდეს ეთნიკურ თემს შორის დაპირისპირებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ათიოდე წლის წინ დასავლეთის დიპლომატიის მეშვეობით მოხერხდა ეთნიკურ ალბანელთა შეიარაღებული ამბოხების შეჩერება.
მიმდინარე წლის მარტში დედაქალაქ სკოპიეში ძალადობამ იფეთქა მას შემდეგ, რაც ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ გოსტივარში ორი ალბანელი მოკლა მაკედონიელმა პოლიციელმა, რომელიც შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. შელაპარაკება, როგორც იუწყებიან, ავტოსადგომზე მანქანის გაჩერების თაობაზე უთანხმოების გამო მოხდა.

ეთნიკური კონფლიქტის გაჩაღების შესაძლებლობის გამო შეშფოთება კიდევ უფრო გაიზარდა პარასკევს, 13 აპრილს, როცა ქვეყნის ჩრდილოეთში, სოფელ სმილკოვცისთან მდებარე ტბასთან, ხუთი მაკედონიელი მეთევზის გვამებს მიაგნეს. 4 მათგანი 20 წლამდე ასაკის ბიჭი იყო, მეხუთე - 40-ს გადაცილებული მამაკაცი.

პოლიციას ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი არ გამოუცხადებია და არც ეჭვმიტანილები დაუსახელებია, მაგრამ საზოგადოებაში არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ მკვლელობები, შესაძლოა, ეთნიკურ ალბანელებთან არსებულ დაძაბულობას უკავშირდებოდეს. ბევრი შიშობს, რომ ეს შემთხვევა ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ორშაბათს, 16 აპრილს, სკოპიეში ასობით ახალგაზრდა მაკედონიელმა სლავმა მოაწყო მსვლელობა მეთევზეების მკვლელობის გასაპროტესტებლად. ისინი ნაციონალისტურ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ და ძალადობაში ეთნიკურ ალბანელებს სდებდნენ ბრალს.

დემონსტრანტებს და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს შორის შეტაკებაც მოხდა. ქვებით შეიარაღებულ დემონსტრანტებს პოლიციამ გზა გადაუღობა და არ მისცა საშუალება გადასულიყვნენ ხიდზე, რომელიც მათ ძირითადად ალბანელებით დასახლებულ უბანთან მიიყვანდა. ამ ნაბიჯის გამო პოლიციამ ეუთოსგან ქება დაიმსახურა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მოქალაქეს მოუწოდებს თავი შეიკავონ ვარაუდების გამოთქმისგან და არ შეუწყონ ხელი ვნებების და ეთნიკური შეუწყნარებლობის გაძლიერებას...

ვითარების კიდევ უფრო ესკალაციის შიშით, მაკედონიის პრეზიდენტმა გიორგე ივანოვმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და სმილკოვციში მომხდარი მკვლელობის სწრაფად გამოძიების მოწოდებით გამოდის.

მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრი გორდანა იანკულოვსკა აცხადებს, რომ მკვლელობის ჩამდენთა ვინაობის ირგვლივ დაუსაბუთებელი ვარაუდების გამოთქმამ და დანაშაულის ალბანელებისთვის დაბრალებამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ეთნიკური დაძაბულობა: „შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მოქალაქეს მოუწოდებს თავი შეიკავონ ვარაუდების გამოთქმისგან და არ შეუწყონ ხელი ვნებების და ეთნიკური შეუწყნარებლობის გაძლიერებას.“

სკოპიეში აშშ-ის საელჩომაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ყველა მხარეს მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან.

ანალოგიური მოწოდებებით გამოდიან ეთნიკური ალბანელი ლიდერებიც, მათ შორის, ყოფილი მეამბოხე ლიდერი ალი აჰმეტი, რომელიც ახლა მაკედონიის ინტეგრაციის დემოკრატიულ კავშირს უდგას სათავეში. აჰმეტი აშშ-ის ელჩს პოლ ვოლერსსაც შეხვდა მზარდი ეთნიკური დაძაბულობის საფრთხეებზე სასაუბროდ.
მაკედონიაში სლავ და ეთნიკურად ალბანელ თემებს შორის დაძაბულობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ის ბევრად წინ უსწრებს ეთნიკური ალბანელების მიერ 2001 წელს წამოწყებულ ამბოხებას, რომელიც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მომხდარი უკანასკნელი კონფლიქტი იყო. მაშინ ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა შეძლეს კონფლიქტის მასშტაბურ სამოქალაქო ომში გადაზრდა აღეკვეთათ. 2001 წლის 13 აგვისტოს ხელი მოეწერა ოჰრიდის შეთანხმებას, რომელმაც მაკედონიის ეთნიკური ალბანელების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ჩაუყარა საფუძველი.

ამ წლების მანძილზე ორი თემს ჰქონდა მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმების დანერგვის შესაძლებლობა, მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, სიღარიბით და უმუშევრობით შექმნილი მძიმე სოციალური ფონის გამო დაძაბულობა დიდწილად გადაულახავი დარაჩა.
XS
SM
MD
LG