Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნატოსა და რუსეთის უთანხმოების თემად რჩება


ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა უთანხმოება, რომელიც მხარეებს საქართველოსთან მიმართებით აქვთ. ალიანსმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვთან „პრინციპული უთანხმოება“ აქვს საქართველოს საკითხზე. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა „ჩვენ ის სფეროებიც განვიხილეთ, რომელთა ირგვლივ კვლავ პრინციპული უთანხმოება გვაქვს - ერთი ასეთი საკითხი საქართველოა. ნატო ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიროტიული მთლიანობის მხარდაჭერას“. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვში გაოცებას და დაძაბულობას იწვევს საქართველოსთვის ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება. სერგეი ლავროვის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელახალი მილიტარიზაციის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომ მიაღწია იარაღის მიწოდების აღდგენას და მიიღო ნატოში გაწევრიანების დაპირება. ”მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს ინტერპრეტაციები უყვარს, ეს ყველაფერი ჩვენში შეშფოთებას მაინც იწვევს, რადგან არ გვსურს მისი მორიგი ავანტიურის გამო სამხრეთ კავკასიაში ახალი დესტაბილიზაცია” - განაცხადა ლავროვმა.
XS
SM
MD
LG