Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბავშვო წიგნების ილუსტრაციების სამყაროში


ნინო ჩაკვეტაძე
ნინო ჩაკვეტაძე
რაც დრო გადის, ქართულ ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტი საბავშვო წიგნი გამოდის და, რაც მთავარია, როგორც უცხოურ, ისე ნათარგმნ წიგნებს ქართველი მხატვრები აფორმებენ. ბოლო დროს სხვადასხვა გამომცემლობამ საბავშვო ლიტერატურის რამდენიმე სერიაც გამოსცა, ხელახლა გამოიცემა ყველაფერი - ტომ სოიერის თავგადასავლიდან დაწყებული, დისნეის გმირების ამბებით დასრულებული. ასე რომ, ქართველ ილუსტრატორებს საქმე ნამდვილად აქვთ. როგორ იცვლებოდა საბავშვო ილუსტრაციები წლიდან წლამდე და როგორია თანამედროვე ბავშვის მოთხოვნები საბავშვო წიგნების ნახატების მიმართ?

დარწმუნებული ვარ, ყველას გახსოვთ ერთი უცნაური ნახატი ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ”პატარა უფლისწულიდან” - ერთი შეხედვით, ის შლაპას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში გველია, რომელმაც სპილო გადაყლაპა. შეიძლება დღესაც მოხდეს ასე, სამჯერ დაუხატო ბავშვს ბატკანი, მან კი სამივე ჯერზე დაგიწუნოს, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებს - ისე, როგორც პატარა უფლისწული.
სიყვარული. დიდი სიყვარული უნდა იყოს ბავშვების მიმართ, იცოდე მათი შეგრძნებები, შენც კარგად გახსოვდეს, ბავშვი რომ იყავი, როგორ განიცდიდი, რა მოგწონდა...
ნინო ჩაკვეტაძე

თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა დიდი ხანია გასცდა მარტივ ილუსტრაციებს: ზოგი წიგნი სამგანზომილებიანია, ხმოვანი, ათასგვარი გასართობი დეტალით შევსებული, ზოგს სათამაშოები მოჰყვება, უფრო ფერადიცაა... მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბავშვებს ყოველთვის ამახსოვრდებათ და, რაც მთავარია, აინტერესებთ როგორ გამოიყურება ესა თუ ის პერსონაჟი, როგორ ვითარდება ამბავი ილუსტრაციებში. ასეა 7 და 8 წლის სალისა და მარიტასთვისაც:

”მომწონს ეს ნახატი: ოთახია და კარადა დგას, კარადის სარკეში კი პრინცესა მოჩანს და კაბას ისინჯავს. როცა წიგნში ნახატი არ ხატია, უფრო მიჭირს გაგება. და როცა ხატია, ვუყურებ, ვუყურებ და ზოგჯერ მეც აღვწერ ხოლმე.”

”ეს ნახატი იმიტომ მომწონს, რომ სასაცილოა. ორი სასაცილო ბიჭი ხატია და ერთი ლამაზი გოგო და სასაცილო ამბებს ჰყვებიან. კიდევ კატაა, ყვითელთვალება, სასაცილოდ დაჭყეტილი თვალები აქვს. ისე, მე ერთ შავ-თეთრი წიგნიც მაქვს, ”დედა, მამა, რვა ბავში და საბარგო მანქანა”, მაგრამ მაინც მომწონს. მერე რა, რომ შავ-თეთრია.”

ნინო ჩაკვეტაძის ნახატი
ნინო ჩაკვეტაძის ნახატი

როგორც წესი, ჯერ ტექსტი ჩნდება ხოლმე, შემდეგ მისი ილუსტრაციები... თუმცა მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე, რომლის მიერ გაფორმებულ წიგნებს შორისაა, მაგალითად, ბერძნული მითები, ზაზა თვარაძის ”მონტებულსუს თავგადასავალი”, კატარინა ბლუმის ”დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა”, აპირებს თავისი ფერწერული ნამუშევრების ერთ-ერთი გმირი წიგნის გმირად აქციოს და მასზე ამბავი თავად დაწეროს. აქამდე კი ნინო ჩაკვეტაძე სიამოვნებით ხატავდა სხვადასხვა მწერლების პერსონაჟებს.

”ბოლოს გავაფორმე დავით ზურაბიშვილის ”მოგზაურობა სიზმარეთში”. ავტორს შემთხვევით შევხვდი გამომცემლობაში და ვკითხე, რამე განსაკუთრებული სურვილი ხომ არ ჰქონდა, მაგრამ მითხრა, რომ არა, ბოლომდე მე მენდო.”

თუმცა მხატვრის ფანტაზია ყოველთვის ბოლომდე თავისუფალი არ არის. მაგალითად, ბერძნულ-რომაული მითების გაფორმებისას ნინომ ძველი ბერძნული ლარნაკების მოხატულობის, იმდროინდელი ტანსაცმლის დეტალები და ფერები გამოიყენა, რომ იმ სამყაროში წიგნით მოგზაურობა ბავშვებს ადვილად შეძლებოდათ. რა არის საბავშვო წიგნების ილუსტრაციების შექმნისას მთავარი საიდუმლო? - ვეკითხებით ნინო ჩაკვეტაძეს:
ნინო ჩაკვეტაძის ნახატი
ნინო ჩაკვეტაძის ნახატი

”სიყვარული. დიდი სიყვარული უნდა იყოს ბავშვების მიმართ, იცოდე მათი შეგრძნებები, შენც კარგად გახსოვდეს, ბავშვი რომ იყავი, როგორ განიცდიდი, რა მოგწონდა. თუმცა ისიც არის, რომ ხანდახან ნახატი შესაძლოა იყოს ძალიან კარგი, მაგრამ არასაბავშვო, რაღაცნაირი დიდური. ამას ვერიდები ხოლმე მე თვითონ. ფერსაც, ცხადია, აქვს მნიშვნელობა, თუმცა მე მიმაჩნია, რომ უფრო ”დამჯდარი”, ბუნებრივი ფერები უკეთესია და ჯობია ჩვენ შევთავაზით ბავშვებს უფრო გემოვნებიანი რაღაცები.”

მხატვარი ია გიგოლაშვილი ფიქრობს, რომ ნახატი მაინც ტექსტის დამხმარე უნდა იყოს, უკეთესად ახსნას ის. ამიტომ ხშირად ნახატის სტილიც ტექსტზეა ხოლმე დამოკიდებული. მასაც ვეკითხებით, თუ რა არის მთავარი საბავშვო ნახატებში:

”მთავარია იყოს კეთილი. ბოროტება ისედაც ხშირად გვხვდება ცხოვრებაში. ამიტომ მგონია, რომ წიგნის მიმართაც მთავარი მოთხოვნა ეს უნდა იყოს - სიკეთე.”
მეცნიერულ ფაქტებზე დაფუძნებული წიგნები მომწონს, თან სამგანზომილებიანი, აი, მაგალითად, დინოზავრებზე. უკეთესად ხედავ და წარმოიდგენ როგორები იყვნენ სინამდვილეში...
ნიკუშა ლომიძე

ია გიგოლაშვილის მიერ დასურათებული წიგნები ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ფესტივალშიც იღებდა მონაწილეობას. ჯერჯერობით ქართველ ილუსტრატორებს, როგორც გამომცემლობა ”დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე ამბობს, დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა სასიამოვნო ფაქტი იყო, როდესაც გასულ წელს ბრატისლავაში გამართულ საბავშვო წიგნების ილუსტრაციების ტრადიციულ ბიენალეზე ია გიგოლაშვილის ნახატები ბიენალეს კატალოგში მოხვდა. თავად ია გიგოლაშვილიც ქართულ ილუსტრაციებს ხშირად ადარებს უცხოურს და ამბობს, რომ მათ ქართველი ილუსტრატორები არაფრით ჩამოუვარდებიან.

თეა თოფურიას ”გასაღვიძებელი ამბებიც” სწორედ ია გიგოლაშვილმა გააფორმა. ეს თეას ზღაპრების მეორე წიგნია, უფრო მკვეთრფერებიანი ნახატებით, ვიდრე წინა, ”პარადიის არდადეგები”. თეასთვის ილუსტრაციები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექსტი:

”საქართველოში ხშირად ასეა: ტექსტი არის, ილუსტრაცია არ არის ან, პირიქით, ილუსტრაცია იხატება და ტექსტი არ არის და მერე შეჯერდება ხოლმე. თავიდანვე შეიძლება, მაგალითად, პერსონაჟი დაიგეგმოს, მისი ამბის განვითარება და ორივე ავტორმა ერთად იმუშაოს ამაზე.”
ნინო ჩაკვეტაძის ნახატი
ნინო ჩაკვეტაძის ნახატი

ძნელია ვთქვათ ვისი გემოვნება ახდენს უფრო მეტ ზეგავლენას ეპოქის სტილზე, ილუსტრაციების შემქნელი უფროსების თუ ბავშვების, რომლებიც მათი მთავარი შემფასებლები არიან, - ამბობს გამომცემელი თამარ ლებანიძე. მისი ბავშვობის ერთ-ერთი პირველი შთაბეჭდილება, რაც დასურათებულ წიგნებს უკავშირდება, ასტრიდ ლინდგრენის საბჭოთა გამოცემების რუსი მხატვრების მიერ შესრულებული ილუსტრაციებია. მერე იყო დისნეის მულტფილმები:

”და ძალიანაც მომწონდა მათი პერსონაჟები, თუმცა მერე, დროთა განმავლობაში, მივხვდი, რომ ეს ილუსტრაციები შეიცავდა გარკვეულ სიტლანქეს, რომელიც მე, როგორც წიგნის მკითხველს, ნაკლებად მომწონს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს ბავშვებს დღემდე მოსწონთ. შესაძლოა, იმიტომ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებიან ასეთ ილუსტრაციებიან წიგნებს. მაგრამ, მეორე მხრივ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და ჩვენ, გამომცემლებმა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს მრავალფეროვნება არ დაიკარგოს, რასაც ვაკეთებთ კიდეც.”

9 წლის ნიკუშა ლომიძეს, როგორც თავად ამბობს, ”სერიოზული“ საბავშვო წიგნებიც მოსწონს. მაგალითად ასეთი:

”მეცნიერულ ფაქტებზე დაფუძნებული წიგნები, თან სამგანზომილებიანი, აი, მაგალითად, დინოზავრებზე. უკეთესად ხედავ და წარმოიდგენ როგორები იყვნენ სინამდვილეში.”
ია გიგოლაშვილის ნახატი
ია გიგოლაშვილის ნახატი

7 წლის ირინა ნანეიშვილს კი, რომელიც თავადაც ხატავს და ყველაზე ხშირად, თურმე, ადამიანებს, თავისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი, ”პიერი და მთვარე” უდევს მუხლებზე. ლექსის ფორმით მოთხრობილი ამბავი უჩვეულო ილუსტრაციებითაა გაფორმებული და სწორედ მათი მეშვეობით გახდა ეს წიგნი პოპულარული არამხოლოდ პატარებში. 7 წლის ირინამაც ზუსტად იცის, რატომ მოსწონს ამ წიგნის ილუსტრაციები:

”შეხედე, ამ ბავშვს ისე უყვარს თავისი დედა, რომ მთვარეზე მიძვრება, რომ თავის დედას მიუტანოს..."

მე რატომღაც მგონია, რომ რამდენჯერაც უნდა დაასურათონ ხელახლა ”პატარა უფლისწული”, თვალწინ მაინც ის სევდიანი, მარტივი პეიზაჟი დამიდგება - უდაბნო და პატარა უფლისწულის პლანეტა - ის, რაც ბავშვობიდან მახსოვს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG