Accessibility links

logo-print

იემენში მთავრობის ძალებსა და ალ-ყაიდას შორის შეტაკებას სულ მცირე 18 ექსტრემისტი ემსხვერპლა


იემენის სამხედრო უწყების ცნობით, მისმა ძალებმა პარასკევს კონტროლი დაამყარეს ალ-ყაიდის გამაგრების ადგილზე და სულ მცირე 18 ექსტრემისტი მოკლეს. თავდაცვის სამინიტროს განცხადებაში წერია, რომ მთავრობის ძალებმა სამხრეთის პროვინცია აბიანში, ქალაქ ზინჯიბარში დაიკავეს უბანი, სადაც ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფი, ანსარ ალ-შარია იყო გამაგრებული. განცხადების თანახმად, ქალაქის დარჩენილ ნაწილს ექსტრემისტები აკონტროლებენ. შეტევა ნაწილი იყო მთავრობის მიერ აბიანში ორი კვირის წინ დაწყებული სამხედრო კამპანიისა. ოფიციალური პირების ცნობით, ამ ეტაპისთვის ამ კამპანიას 250 ექსტრემისტის და 37 იემენელი სამხედროს სიკვდილი მოჰყვა. ალ-ყაიდამ გამოიყენა სახელისუფლებო ვაკუუმი, რომელიც იემენში შეიქმნა არაბული გაზაფხულით შთაგონებული გამოსვლების შემდეგ. ამ გამოსვლების შედეგად გადადგა იემენის პრეზიდენტი, ალი აბდულა სალეჰი. მისი შემცვლელი, აბდ რაბუ მანსურ ჰადი პრეზიდენტის პოსტზე თებერვალში მოვიდა და ალ-ყაიდასთან ბრძოლის პირობა დადო.
XS
SM
MD
LG