Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება


გაფორმების ეკონომიკური ზონა ფოთში
გაფორმების ეკონომიკური ზონა ფოთში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-მარტის თვეებში თითქმის 2,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატი იუწყება, რომ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განხორციელებული იმპორტისა და ექსპორტის მოცულობა 17 პროცენტით გაიზარდა. ამ მაჩვენებლების თითქმის თანაბრად შეცვლა უცვლელს ტოვებს სხვაობას, ეგრეთ წოდებულ სალდოს, იმპორტსა და ექსპორტს შორის.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ბოლო რამდენიმე წელია ზრდის ტენდენციით ხასიათდება და არც 2012 წლის დასაწყისი იყო გამონაკლისი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოში იანვარ-მარტის თვეებში განხორციელებული იმპორტი ერთ მილიარდ 700 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის უფროსის ზაზა ჭელიძის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია იანვარ-მარტის თვეებში ექსპორტის ზრდის ტენდენცია:

მარტის თვეში საკმაოდ მაღალი იყო ექსპორტის ზრდა, მაშინ როდესაც, პირველი-ორი თვის მაჩვენებლებით, ექსპორტის ზრდა იყო 5%-ის ფარგლებში. ახლა უკვე ექსპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 16% ...
ზაზა ჭელიძე
„მარტის თვეში საკმაოდ მაღალი იყო ექსპორტის ზრდა, მაშინ როდესაც, პირველი-ორი თვის მაჩვენებლებით, ექსპორტის ზრდა იყო 5%-ის ფარგლებში. ახლა უკვე ექსპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 16%. მაგალითად რომ ავიღოთ მხოლოდ და მხოლოდ მარტის თვე, მარტში ექსპორტმა 231 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გაცილებით მაღალია წინა მარტის თვესთან შედარებით.“

მიუხედავად ასეთი დინამიკისა, კვლავაც მაღალი რჩება უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ საზღვარგარეთ შეძენილი - იმპორტირებული - პროდუქციის მოცულობა გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოდან საზღვარგარეთ გატანილი პროდუქცია - ექსპორტი. ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი ასეთ ვითარებას ქვეყნის ეკონომიკის სისუსტედ მიიჩნევენ. მათ შორისაა კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია:

”რასაც ჰქვია უარყოფითი სავაჭრო ბალანსის პრობლემა, ეს პრობლემა დღის წესრიგიდან არ იხსნება, არამედ სულ უფრო მეტად ღრმავდება და მწვავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი საქონელი შემოდის, ვიდრე გადის, და საქართველო ხდება მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანა, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის პრობლემას წარმოადგენს.”

ძალიან სამწუხარო ტენდენციაა ის, რომ მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა და იმ პოლიტიკამ, რომელსაც იმ მიმართულებით ჰქონდა ნაბიჯები გადადგმული, რომ ჩვენი ექსპორტი გაზრდილიყო და საგარეო ვაჭრობაში მდგომარეობა შეცვლილიყო, უკუშედეგები გამოიწვია ...
მერაბ ჯანიაშვილი
საქართველოს მთავრობა არაერთ ნაბიჯს დგამს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შესამცირებლად. მათ შორისაა ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყება თუ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა. მაგრამ ამ ძალისხმევას ნაკლებად ეფექტიანს უწოდებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ეკონომიკის ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი. იგი 2011 წლის მანძილზე ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტის ზრდაზე ლაპარაკობს:

„ასევე გაიზარდა სიმინდის იმპორტი სამჯერ, მაშინ როდესაც ჩვენთან ჰიბრიდული სიმინდი დათესეს და 2011 წელს ვგეგმავდით, რომ სიმინდს ექსპორტზე გავიტანდით. ძალიან სამწუხარო ტენდენციაა ის, რომ მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა და იმ პოლიტიკამ, რომელსაც იმ მიმართულებით ჰქონდა ნაბიჯები გადადგმული, რომ ჩვენი ექსპორტი გაზრდილიყო და საგარეო ვაჭრობაში მდგომარეობა შეცვლილიყო, უკუშედეგები გამოიწვია.“

სიმინდის პროგრამაში დაბალ შედეგებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც აღიარებს, თუმცა იგი უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდოს დაბალანსების სხვა გზებზე საუბრობს. ნიკა გილაურის განცხადებით, 2011 წელს 4 მილიარდიანი სხვაობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ემიგრანტების ფულადი გზავნილებით, სესხებით და გრანტებით დაბალანსდა.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფით სალდოში დიდ საფრთხეს ვერ ხედავს ეკონომიკის ექსპერტი, ჟურნალ „ტაბულას“ მიმომხილველი მიშა თავხელიძე. მისი აზრით, იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა სხვადასხვა წყაროებიდან ბალანსდება:

„ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, შეიძლება იმაზე ნაკლებს, ვიდრე ვყიდულობთ, მაგრამ ეს ფული ხომ საიდანღაც მოდის. საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი პერსპექტივით, საგარეო ბალანსი მაინც ნულს უტოლდება.“
საგადამხდელო ბალანსის მნიშვნელობა უაღრესად დიდია, ეს ერთ-ერთი ეკონომიკური მაჩვენებელია და ზუსტად აჩვენებს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ტენდენციას ...
ზაზა ჭელიძე

საგარეო სავაჭრო ბრუნვის ბალანსზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ეკონომისტები ქვეყნის საგადასახდელო ბალანსს. საქართველოში საგადასახდელო ბალანსის შედგენა ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და ის ოფიციალურ ვებსაიტზე ქვეყნდება. თუ საგარეო სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ საქონლით ვაჭრობის მოცულობას ითვლის, ეროვნული ბანკის კვლევაში შედის როგორც სასაქონლო, ასევე მომსახურების ექსპორტ-იმპორტი. აქ, მაგალითად, ტურისტული მომსახურება შედის. ასევე საგადასახდელო ბალანსი აერთიანებს ინვესტიციებს, ტრანსფერებს და სხვა ფინანსურ ოპერაციებს. საგადასახდელო ბალანსსა და საგარეო სავაჭრო ბრუნვაზე საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე შემდეგს ამბობს:

„საგადამხდელო ბალანსის მნიშვნელობა უაღრესად დიდია, ეს ერთ-ერთი ეკონომიკური მაჩვენებელია და ზუსტად აჩვენებს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ტენდენციას; ასევე, რაც მთავარია, ჩვენი რეზიდენტების აქტივობას და, ამასთანავე, სხვა ქვეყნების რეზიდენტების აქტივობასაც; გარდა ამისა, სხვა ქვეყნებიდან კაპიტალის შემოდინებას და გადინებას. უარყოფით სავაჭრო ბალანსს რაც შეეხება, ჩვენი მსგავსი ქვეყნებისთვის, ბუნებრივია, დამახასიათებელია ის, რომ გვაქვს პატარა და ღია ეკონომიკა. სამწუხაროდ, იმპორტზე ვართ ბევრად დამოკიდებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური საქმე ცუდად არის. საქართველოზე გაცილებით განვითარებულ ქვეყნებს აქვთ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც აქვს დადებითი სავაჭრო ბალანსი.“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2011 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო სალდომ დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მის ფორმირებაში დიდი წვლილი ნავთობპროდუქტების იმპორტზე მოდის. საქართველოს მთავრობა ამ ვითარების გამოსწორებას ქვეყანაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებით აპირებს. ხოლო რაც შეეხება უარყოფით საგასახდელო ბალანსს, ის თითქმის 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG