Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებს პროფესიონალი და მოქალაქე ჟურნალისტები ერთად გააშუქებენ


მომავალ საპარლამენტო არჩევნებს პროფესიონალი და მოქალაქე ჟურნალისტები ერთობლივად გააშუქებენ. გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის (UNDEF) მხარდაჭერით, პროექტს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს. პროექტში ჩართულია საქართველოს 11 ქალაქი, რომელთა მცხოვრებლები, აქტიური მოქალაქეები და პროფესიონალი ჟურნალისტები, შეეცდებიან მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ. თითოეულ ქალაქში მომზადდება 10 სტატია. ჯამში, 110 სტატია ნათელ წარმოდგენას შეუქმნის საზოგადოებას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტში ჩართული ჟურნალისტები თბილისში შეიკრიბნენ და ის თემები განიხილეს, რომელთა შესახებ სტატიები მომზადდება. მედიის როლი არჩევნების გაშუქების პროცესში, არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ამბების მოპოვება და გავრცელება, საზოგადოებრივი კვლევის გაშუქება, არჩევნების მონიტორინგი და შესაბამისი სტატიების მომზადების ტექნოლოგია ჟურნალისტებს „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა მაია მეცხვარიშვილმა გააცნო. მისი აზრით, ეს პროექტი უნიკალური იმითაა, რომ ერთსა და იმავე თემაზე საქართველოს 11 ქალაქში შექმნილი სტატიები ნათელ წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო მზადება საქართველოში, რამდენად თანხვედრილი და განსხვავებული პრობლემებია სხვადასხვა ქალაქში, რა ტიპის და ინტენსივობის დარღვევები ხდება არჩევნების პროცესში.

ჟურნალ „ლიბერალის“ წარმომადგენელი ზურაბ ვარდიაშვილი არჩევნებს წელს პირველად გააშუქებს. შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო, რადგან მომავალში ეს ყველაფერი არჩევნების გაშუქებისას გამოადგება.

„ლაივპრესის“ ჟურნალისტის ლაშა ზარგინავასთვის კი ეს პირველი გასაშუქებელი არჩევნები არ არის, თუმცა, მისი აზრით, არჩევნების წინ პროფესიონალ ჟურნალისტებსაც დიდი მომზადება სჭირდებათ, რადგან საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობა და პოლიტიკური კლიმატი წლიდან წლამდე იცვლება.

პროექტში ჩართულნი არიან კოორდინატორებიც, რომელთა ფუნქცია ქალაქებში აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრების მოწყობაა, მოგვიანებით კი მოქალაქე და პროფესიონალი ჟურნალისტები აქტიურად ითანამშრომლებენ ერთმანეთთან. ქუთაისში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის კოორდინატორი „ახალი გაზეთის“ რედაქტორი ია ბობოხიძეა. მისი აზრით, ამ ინსტიტუტმა და მისმა ხელმძღვანელმა, ია ანთაძემ, ბოლო წლების არჩევნების გაშუქებისას ნდობის მაღალი ხარისხი მოიპოვეს, რაც ამ პროექტის წარმატების წინაპირობაა.

უკვე შეირჩა ის თემები, რომლებზე მუშაობასაც იწყებენ ჟურნალისტები. ამომრჩეველთა სიების ფორმირება, პოლიტიკური პარტიები რეგიონებში, საარჩევნო კომისიების ფორმირება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლის ფაქტები, კანდიდატები – ამ და სხვა საკითხებზე გაამახვილებენ პროექტში ჩართული ჟურნალისტები ყურადღებას. მათთვის მაისში კიდევ რამდენიმე ტრენინგი ჩატარდება, ივნისიდან კი რეგიონებში აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრები დაიწყება. პარალელურად სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებგვარდზე რეგიონებში მომზადებული სტატიები განთავსდება.
XS
SM
MD
LG