Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის მშენებლობის ბუნდოვანი ნაწილი


საქართველოს პარლამენტის მშენებლობის პროცესი გაუმჭვირვალედ და სამართლებრივი ნორმების დაუცველად მიმდინარეობს, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მონიტორინგის დასკვნაში. მონიტორინგის ძირითადი მიზანი ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობისთვის სამუშაოების შესყიდვის პროცესის კანონიერების შესწავლა და სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის კონტროლი იყო. „ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მონიტორინგის შედეგებს სახელმწიფო უწყებებსაც გადაუგზავნის. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ კვლევის შედეგად წარდგენილ შეფასებებს საქართველოს ხელისუფლებაც გაიზიარებს.

ახალგაზრდა იურისტების მიერ წარდგენილი ერთ-ერთი შეფასება, იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება ”ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში”, პარლამენტის მშენებლობის პროცესში თანხების განკარგვის შესაძლო კორუფციულობას შეეხებოდა. მილიონობით ლარი იხარჯება აბსოლუტურად ბუნდოვნად, რაც, თავის მხრივ, კორუფციაზე ეჭვის გაჩენის ლეგიტიმურ საფუძველს ქმნის, აღნიშნავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი:

”ბიუჯეტიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოყოფილია 73 მილიონ ლარზე მეტი, მაგრამ არ ვიცით ჩვენ მთლიანად რა ჯდება პარლამენტის მშენებლობა. ანუ შეიძლება ჯდება 100 მილიონი, შეიძლება ჯდება 20 მილიონი. ეს არ არის ცნობილი და ამ ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოები არ გასცემენ. ჩვენ ისიც კი ვერ დავადგინეთ, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე, იმიტომ რომ არც ადგილობრივი ხელისუფლება, არც ცენტრალური ხელისუფლება, არც ქუთაისის მერია, არც საქართველოს პარლამენტი, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არც მთავრობა - არავინ ამ საკითხთან დაკავშირებით ადეკვატურ ინფორმაციას არ გასცემს.”
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს ”სახელმწიფო მომსახურების ბიურო” დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ და მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელია. თუმცა ჩვენ გვქონდა დავა „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ წინააღმდეგ ...
მაკა ცერცვაძე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის მშენებლობის პროცესის სამართლებრივი თვალსაზრისით კვლევას აწარმოებდა 2009 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით. ოფიციალურად გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო, საია ასკვნის, რომ პარლამენტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული და ხელმიუწვდომელია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც ის საიდუმლო ინფორმაციად ჩაითვლებოდა. საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისა და დამალვის შესახებ ბრალდებას არ იზიარებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციის სამსახურის წარმომადგენელი პავლე ოკუჯავა:

” ჩვენ, კანონმდებლობის სრული დაცვით, ინფორმაცია გავეცით დაუყოვნებლივ, რაც ასლის სახით ასახულია ამ ანგარიშში. და რაც შეეხება სხვა უწყებების უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებს, მე, უბრალოდ, თავს შევიკავებ კომენტარისგან.”

პავლე ოკუჯავამ ვერ გაფანტა ბუნდოვანება იმის თაობაზე, თუ როგორ იხარჯება ფინანსები, ვის ბალანსზე იქნება შემდგომში პარლამენტის შენობა და ასე შემდეგ, საიას კვლევის მიხედვით კი, საქართველოს პარლამენტის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა ქალაქ ქუთაისის 2009-2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტების გავლით იხარჯება. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, მშენებლობის დამკვეთი 2009-2010 წლებში ქუთაისის მერია იყო. 2011 წლის თებერვლიდან ქუთაისის მერია ჩაანაცვლა კერძო კომპანიამ, შპს ”სახელმწიფო მომსახურების ბიურომ”. ამ ფაქტმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელ მაკა ცერცვაძის შეფასებით, კიდევ უფრო გაართულა მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება:

პარლამენტის შენობის პროექტი
პარლამენტის შენობის პროექტი
” საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს ”სახელმწიფო მომსახურების ბიურო” დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ და მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელია. თუმცა ჩვენ გვქონდა დავა „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ წინააღმდეგ. ამ პროცესზე ჩვენ ვითხოვდით საჯარო ინფორმაციის მოწოდებას და საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულებას. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და მიიჩნია, რომ შპს ”სახელმწიფო მომსახურების ბიურო” არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელზეც არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი და, სამწუხაროდ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ხელთ არა აქვს მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, დამტკიცდებოდა, რომ შპს ”სახელმწიფო მომსახურების ბიურო” სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ მაშინ როდესაც პარლამენტის მშენებლობა მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და მის მშენებლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონზე მეტი დაიხარჯა, ”სახელმწიფო მომსახურების ბიუროს” მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოება კატეგორიულად მიუღებელია. საიაში თავისთავად უცნაურად მიიჩნევენ იმ გარემოებასაც, რომ პარლამენტის შენობის მშენებლობის დამკვეთს წარმოადგენს კერძო კომპანია და არა სახელმწიფო.

ქალაქ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის გადატანის იდეა ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს აკაკი ბობოხიძეს ეკუთვნის. იდეას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა, შემდეგ კი პარლამენტმა. პარლამენტის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები ქუთაისში 2009 წლის დეკემბერში დაიწყო. მშენებლობას კოორდინირებას უწევს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამშენებლო სამუშაოები თითქმის მიუახლოვდა დასასრულს. მიმდინარე წლის 26 მაისს პარლამენტში პირველი სხდომაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG