Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ზეწოლა ხორციელდება ომში დაღუპული გიორგი ტატუაშვილის ოჯახზე


2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის გიორგი ტატუაშვილის ოჯახზე ”ქართული ოცნების” მხარდაჭერის გამო, ზეწოლა ხორციელდება - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ჟურნალისტებს წარუდგინა გიორგი ტატუაშვილის დედა დარეჯან პატაშური, რომლის შვილებსაც, ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებისგან ზეწოლის გამო ერთ-ერთი მეგობრის ოჯახში მალავენ. ”ქართული ოცნების” ლიდერმა აღნიშნა, რომ საზოგადოება უახლოეს ხანში ნახავს რეპორტაჟს იმის შესახებ, თუ როგორ დარაჯობდა პოლიციის სამი მანქანა დარეჯან პატაშურის სახლს. ”ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას განსხვავებული აზრის გამო მოქალაქეთა დაჩაგვრის საშუალებას და თითოეულ მათგანს დავიცავთ სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიისგან”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. თავად დარეჯან პატაშურმა, რომელიც მარტიდან ”ქართული ოცნების” მხარდამჭერია და ოჯახთან ერთად მარნეულში ცხოვრობს, ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი 14 წლის ვაჟი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ავტომანქანაში ჩაისვეს და დააბარეს, რომ თუ მისი დედა ”ჭკვიანად არ მოიქცეოდა,” ვარკეთილში ნაჩუქარ ბინას ჩამოართმევდნენ. დარეჯან პატაშურმა აღნიშნა, რომ ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვიტა უარი თქვას სახელმწიფოსგან ნაჩუქარ ბინაზე.
XS
SM
MD
LG