Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 24 აპრილი, 2012

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას დავიწყებთ ”რეზონანსით”, რომელიც აქვეყნებს პუბლიკაციას, სათაურით ”დღეს სიკეთის ავტორიტეტი და კუნთების ავტორიტეტი ეჯიბრებიან ერთმანეთს.” ეს გახლავთ ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან, რომელიც 2008 წელს დაღუპული გიორგი ტატუაშვილის დედაზე ლაპარაკობს. ის ამბობს: ”ამ ქალის, დედის გამოჩენა არის საინტერესო ფაქტი, იმიტომ რომ ამ ქალბატონმა იმის თქმით, რომ ივანიშვილის გვერდით ღიად დადგომის გამო მის შვილს ემუქრებოდნენ, განაცხადა, რომ არ ეშინია. დიდხანს აცოცხლოს და თავის შვილზე ნაკლები გმირი არც თავადაა”. რამაზ საყვარელიძე განაგრძობს: ”რაც უფრო მეტი იქნება ასეთი მაგალითები, ალბათ, ამით გადატყდება ის, რასაც შიშის სინდრომი ჰქვია. ხელისუფლება ცდილობს შიშზე დაფუძნებით მიიღოს თავისთვის სასურველი შედეგი. ამ მეთოდით გამარჯვება მხოლოდ დროებითია.”

”ახალი თაობა” ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავას ესაუბრა, რომელიც ამბობს, ჩეკების გათამაშება ყველაზე სერიოზული ნაბიჯია, რაც "ნაციონალურმა ხელისუფლებამ" გადადგა და რასაც მასმედიამ სათანადო კრიტიკული ყურადღება არ მიაქციაო. ის ხსნის: ”თუ ეს ქვითარი ლატარიის ბილეთია, მას სჭირდება საპრემიო ფონდი. მეორე - გათამაშებისთვის რომ ფონდი შეიქმნას, ჩვენ მიერ ნაყიდ პროდუქციაში გადახდილი თანხიდან რაღაც ნაწილი ამ ფონდში უნდა შევიდეს - ეს არის მეწარმეებისთვის წილში ჩაჯდომა. მეწარმეს ეს თუ არ უნდა, ფასი უნდა მოუმატოს. თუ გაუვიდა საქონლის გაძვირება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს. ეს არის პირდაპირი დაყაჩაღება”.

”ალია” კი ტრამპის ვიზიტის დეტალებს აღწერს. უფრო სწორად, დეტალები გაზეთს არა აქვს, სამაგიეროდ, „ხალხის პარტიის" აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე უყვება ”ალიას” რესტორნის თანამშრომლის ნაამბობს: ”სააკაშვილი უგონოდ დათვრა და ფეხი იღრძო! სასწრაფოდ მოუყვანიათ პირადი ექიმი. ჯერ ამბობდნენ, პრეზიდენტს ფეხი მოტეხილი აქვსო, მაგრამ არ ჰქონია მოტეხილი, ნაღრძობი ჰქონია. მთვრალ სააკაშვილს ძალიან ცუდი სიტყვებით მოუხსენებია ოპოზიცია და ყოფილა მუქარები - ნახონ მაგათ, რასაც ვუზამო!"
XS
SM
MD
LG