Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

პირველკლასელების რეგისტრაცია გორში


ელენე აბრამიძე წელს სკოლაში პირველად მიდის. დედამ, თეა აბრამიძემ, იგი სკოლაში განათლების სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით დაარეგისტრირა. მისი თქმით, ამის გაკეთება ძალიან ადვილია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც კი კომპიუტერსა და ინტერნეტზე ელემენტარული წარმოდგენა აქვს.

ახლა პირველკლასელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მანამდე ჯერ ის პირველკლასელები დარეგისტრირდნენ, ვისი დედმამიშვილები და მშობლები ამა თუ იმ სკოლასთან იყვნენ დაკავშირებულნი. გორში რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს - განათლების სამინისტროს ვებგვერდზე სახლებიდან, სკოლებიდან და რესურსცენტრიდან ყოველდღიურად ათეულობით ბავშვი რეგისტრირდება. როგორ ახერხებენ მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებნი შვილების რეგისტრაციას? როგორც ცნობილია, ქალაქიდან მოშორებულ სოფლებში არც სატელეფონო ხაზია და არც ინტერნეტი. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტმა ვერიკო მღებრიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პრობლემა არც ერთ სოფელში არ შექმნილა - ყველაზე მოშორებული სოფლის, ბოშურის მოსწავლეებიც კი ადგილობრივი სკოლის ინტერნეტით სარგებლობენ. მისი თქმით, საატესტატო გამოცდების დროს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა კომპიუტერებით და ინტერნეტით აღიჭურვა და მშობლებს ქალაქში ჩამოსვლა აღარ სჭირდებათ.

კომპიუტერი და ინტერნეტი ყველა ოჯახს არა აქვს, ამიტომ ბავშვის რეგისტრაციისთვის ზოგიერთი მშობელი იმ სკოლას აკითხავს, სადაც შვილის მიყვანა უნდა, მათ ელექტრონულ რეგისტრაციაში სკოლაშივე ეხმარებიან. მე–2 საჯარო სკოლაში წელს სამი პირველი კლასის გახსნა იგეგმება. სკოლის დირექტორის გია ბერძნიშვილის განცხადებით, ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ეხმარებიან მშობლებს და ჯერ პრობლემა არ შექმნილა.

ამჟამად ყველაზე მაღალი კონკურსი გორის მესამე საჯარო სკოლაშია, ყველაზე მეტი ბავშვი ჯერჯერობით ამ სკოლაშია რეგისტრირებული. სკოლაში წელს 6 პირველი კლასის გახსნა იგეგმება. მესამე სკოლა მუნიციპალიტეტში ყველაზე თანამედროვეა და მშობელთა არჩევანს ეს ფაქტი განაპირობებს. ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სკოლებში საბუთების მიღება დაიწყება, რის შემდეგაც მოსწავლეები სპეციალური ბრძანებით ჩაირიცხებიან. საჯარო სკოლებში მისული პირველკლასელები, ტრადიციულად, ნეტბუკებს მიიღებენ.
XS
SM
MD
LG