Accessibility links

კოფი ანანს აშფოთებს სირიაში არსებული ვითარება


გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი სირიის საკითხში კოფი ანანი შეშფოთებულია სირიაში არსებული ვითარების გამო. სამშაბათს კოფი ანანი გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის წინაშე წარდგა. მან განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ინფორმაცია ქალაქ ჰამაში სირიის მთავრობის ძალების ყოფნისა და მოქმედების შესახებ. ჰამაში სამხედროებმა რამდენიმე ადამიანი მოკლეს. გაეროს გენერალური მდივნის მსგავსად, კოფი ანანი შექმნილ ვითარებას ”მიუღებელს” უწოდებს და სირიის მთავრობას ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებს. ანანი მოუწოდებს სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას დაიცვან 12 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის პირობები. უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაეროში აშშ-ის ელჩმა სიუზან რაისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირია საერთაშორისო მეთვალყურეთა შემადგენლობაზე შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ, სირიის ხელისუფლება დაუშვებლად თვლის მეთვალყურეთა რიგებში იმ სახელმწიფოების მოქალაქეთა ხილვას, რომლებიც ”დემოკრატიული სირიის მეგობართა” ჯგუფში ერთიანდებიან. გაეროსთვის ასეთი მიდგომა მიუღებელია. ”სირიის მეგობართა ჯგუფში” შედიან აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი და კატარი. გაეროს შტაბბინაში გამოსვლისას, კოფი ანანმა განაცხადა, რომ აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები სირიაში მეთვალყურეთა სრულფასოვანი მისიის განლაგება. ლაპარაკია დაახლოებით 300 შეუიარაღებელ მეთვალყურეზე.
XS
SM
MD
LG