Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატარა ქვეყნის დიდი ავღანური მსხვერპლი


საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთში
საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთში
კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ავღანეთში საბძოლო ოპერაციის შესრულების დროს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წლის ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, ანუ ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების მისიაში ჩართვის შემდეგ, 16 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 25 აპრილს სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა მწუხარებას გამოთქვამს 36 წლის სერჟანტის ვალერიან ხუჯაძის გარდაცვალების გამო. სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებულ ქართველ სამხედროებს, 0პარტიზანებთან ბრძოლის სახით, ურთულესი მისიის შესრულება უწევთ:

„ეს შეიცავს პატრულირებას, საკონტროლო პუნქტების მოწყობას, ასევე დასახლებულ პუნქტებში ოპერაციების ჩატარებას. თვითონ პარტიზანული ომის სპეციფიკა ისეთია, რომ მოწინააღმდეგე ერთ მომენტში არის სამოქალაქო პირი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია გახდეს შეიარაღებული თავდამსხმელი. ძირითადად იყენებენ თვითნაკეთ ნაღმებს, რომლებიც მოქმედებაში მოდის დისტანციურად. ნაღმებს დებენ როგორ გზაზე, ასევე გზის პირას და მიმართულია ისე, რომ კორპუსში გვერდიდან მოხვდეს მოწინააღმდეგის მანქანას.“
სიკვდილი და ჭრილობები საშინელებაა, მაგრამ ეს არის ჯარისკაცის ცხოვრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდა, ახლად დაბადებული არმიისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენ მართლაც შევისწავლით ყველაფერს და ეს ძალიან სასარგებლოა ქართული შეიარაღებული ძალებისათვის...
ნიკოლოზ ჯანჯღავა

ირაკლი ალადაშვილის თქმით, თვითნაკეთი მართვადი ნაღმები ავღანელი პარტიზანების ყველაზე ეფექტიანი იარაღია. სწორედ ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო პირი მიმდინარე წლის თებერვალში. ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით ავღანეთიდან რამდენიმე დღით ადრე დაბრუნებულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იღებენ იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია. უფრო ადრე, 2011 წლის აპრილში, მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებისა და საქართველოს სარგებელზე ნატოს ტელეარხის ჟურნალისტებს პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავაც ესაუბრა:

„ჩვენ შვიდი ჯარისკაცი დავკარგეთ. ოცზე მეტი დაიჭრა. ეს საშინელი ფასია, მაგრამ ეს ფასია, რომელსაც მხოლოდ ჩვენ, საქართველო კი არა, მთლიანად კოალიციური ძალები იხდიან. სიკვდილი და ჭრილობები საშინელებაა, მაგრამ ეს არის ჯარისკაცის ცხოვრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდა, ახლად დაბადებული არმიისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენ მართლაც შევისწავლით ყველაფერს და ეს ძალიან სასარგებლოა ქართული შეიარაღებული ძალებისათვის.“

ნიკოლოზ ჯანჯღავას ამ აზრს ქართველი სამხედრო ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი იზიარებს. თავდაცვის ეროვნული აკადემიის ყოფილი რექტორი გიორგი თავდგირიძე, საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების ფონზე, ქართველი სამხედროების ყოფნას ავღანეთში განიხილავს როგორც ქვეყნის ეროვნული უსარფრთხოების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.
გიორგი თავდგირიძე
გიორგი თავდგირიძე

„რუსეთის მხრიდან მუდმივად ილახება საქართველოს ინტერესები, მუდმივად ხორციელდება პოლიტიკური ზეწოლა, ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და, შესაბამისად, ასეთ ფეთქებადსაშიშ ვითარებაში საქართველოს აუცილებლად სჭირდება მყარი საერთაშორისო გარანტიები, რომელთა მოპოვების ერთ-ერთი გზა ავღანეთში კონტინგენტის სიდიდეა. ფაქტობრივად, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები იღუპებიან საკუთარი სამშობლოსათვის“, - უთხრა გიორგი თავდგირიძემ რადიო თავისუფლებას.

ამასთან, გიორგი თავდგირიძის თქმით, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ანუ საჭიროა სამხედრო მოსამსახურის თანხმობა. ამჟამად ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში 936 ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობს, თუმცა უკვე გადაწყვეტილია წლის ბოლომდე მათი რაოდენობის ერთი ბატალიონით, ანუ 750 ჯარისკაცით, გაზრდა. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს მთავრობას ბევრი აკრიტიკებს. მათ შორისაა სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი:

"უბრალო ლოგიკიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტია კონტინგენტის რიცხოვნობა, მით მეტია შანსი, რომ მოხდეს ასეთი ტრაგედია. კი, ჩვენ უნდა ვედგეთ გვერდში ნატოს, უნდა ვმონაწილეობდეთ ISAF-ის ოპერაციაში, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ნაკლები მასშტაბის და მეტნაკლებად სიმბოლური. ამასთან, ის შეიძლება იყოს სხვა დონის - წარმოდგენილი ვიყოთ სამხედრო ინსტრუქტორების, მედიკოსების, შტაბის ოფიცრების და ა.შ. სახით, და გვყავდეს გაცილებით ნაკლები ისეთი სამხედრო, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ამ პარტიზანულ ბრძოლებში.“
დაჭრის შემთხვევაში გაიცემა ერთჯერადი კომპენსაცია - 10 ათასი ლარი. გარდაცვალების შემთხვევაში სახელმწიფო გაიღებს დაკრძალვის ხარჯებს და ოჯახს გადაეცემა კომპენსაცია - 15 ათასი ლარი...
თეონა აქუბარდია

ირაკლი ალადაშვილის თქმით, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროები ძლიერი კოალიციის შემადგენლობაში პარტიზანების წინააღმდეგ იბრძვიან, რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში კი ქართველ სამხედროებს თავად მოუწევთ პარტიზანების როლში ყოფნა და მნიშვნელოვნად ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება. შესაბამისად, დაბალია ავღანეთში მიღებული გამოცდილების ეფექტიანად გამოყენების ალბათობაც. სამხედრო სფეროს სპეციალისტები ასევე იწუნებენ ავღანეთში მყოფი სამხედროების სოციალური უზრუნველყოფის სისტემას, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ გამგეობის წევრის თეონა ქუბარდიას თქმით, არ ითვალისწინებს ვეტერანის სტატუსსა და რაიმე სახის რეგულარული შემწეობის გაცემას.

„დაჭრის შემთხვევაში გაიცემა ერთჯერადი კომპენსაცია - 10 ათასი ლარი. გარდაცვალების შემთხვევაში სახელმწიფო გაიღებს დაკრძალვის ხარჯებს და ოჯახს გადაეცემა კომპენსაცია - 15 ათასი ლარი“, - უთხრა თეონა აქუბარდიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG