Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმმა ანჯეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოაცხადა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოაცხადა. აფხაზური მხარე მიიჩნევს, რომ პოლონელი გენერლის პოზიცია კონფრონტაციულია. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუშვებელია ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელის უარი, დააფიქსიროს საზღვრისპირა ზონაში განსაკუთრებულად მძიმე ინციდენტები, მათ შორის მკვლელობები და აფხაზური მხარის მიმართ პოლიტიკური შანტაჟის მცდელობები. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ტიშკევიჩი უგულებელყოფს აფხაზური მხარის მიმართვებს და მოითხოვს აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის მეთვალყურეთა დაშვებას. ამ მოთხოვნას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწოდებს არამართლზომიერს, რაც, მისი განცხადებით, ეწინააღმდეგება სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას. აფხაზური მხარე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია ტიშკევიჩის ხელმძღვანელობით არ არის განწყობილი, მიუკერძოებლად განახორციელოს მონიტორინგი და ობიექტურად შეაფასოს უსაფრთხოებისთვის ხელის შემშლელი პროცესები. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტიშკევიჩმა სათანადო ყურადღების გარეშე დატოვა საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, რის შესახებაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი იუწყებოდა. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელს აფხაზური მხარე ადანაშაულებს მისი მისამართით დაუშვებელ და შეურაცხმყოფელ გამოხდომებში და აფხაზი ხალხისა და სახელმწიფოს უპატივცემულობაში. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანჯეი ტიშკევიჩის უმოქმედობა ხელს უშლის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანობას და, ზოგადად, მოლაპარაკების პროცესის კონსტრუქციულობას. აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიებისადმი, მათ შორის ჟენევის დისკუსიის ფორმატით, და მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შენარჩუნებას.
XS
SM
MD
LG