Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები განცხადებას ავრცელებენ


25 აპრილს, დღის ბოლოს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები წუხილს გამოხატავენ იმის თაობაზე, რომ 24 აპრილს გალში არ შედგა ინცინდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი რიგით 36-ე შეხვედრა. თანათავმჯდომარეები მხარეებს შეახსენებენ 2009 წლის თებერვალში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ კონსენსუსს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შექმნის გარშემო. ”მას შემდეგ ეს მექანიზმები იქცა მნიშვნელოვან ინსტრუმენტად როგორც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ასევე სხვა გადაუდებელი პრობლემების მოსაგვარებლად ადგილზე”- ნათქვამია თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში. ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები ხაზს უსვამენ ხსენებული მექანიზმების მდგრადი ფორმატის მნიშვნელობას და მიიჩნევენ, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ისეთი პრეცედენტის დანერგვა, რომელიც შესაძლოა მიმართული იყოს ყველა მონაწილის ინტერესების საწინააღმდეგოდ, როცა ეს ინტერესები ”მიმართულია ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ.” თანათავმჯდომარეები პროცესების შემდგომი გაუმჯობესების ხელშეწყობის პირობას დებენ და ყველა მონაწილეს მოუწოდებენ შეინარჩუნონ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ამჟამად არსებული პროცედურები და მექანიზმები - ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სრული ფუნციონირების ჩათვლით.
XS
SM
MD
LG