Accessibility links

თიბილოვის საკადრო გადაწყვეტილებები და დაპირისპირება გავლენიან ჯგუფებს შორის


ლეონიდ თიბილოვი

ლეონიდ თიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი მთავრობის ფორმირება მიმდინარეობს, მაგრამ თიბილოვისთვის ეს მარტივი პროცესი არ არის, რადგან თანამდებობებზე დანიშვნის ამბიცია ერთბაშად ბევრ პოლიტიკოსს გაუჩნდა. პირველი, რაც მთავრობის დათხოვნის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტმა გააკეთა, გენერალური პროკურორისა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთა კანდიდატურები დაასახელა. ვადიმ ბროვცევის შემცვლელად დაინიშნა როსტისლავ ხუგაევი, რომელიც წარმოშობით სამხრეთ ოსეთიდანაა, მაგრამ ამჟამად სამარაში ცხოვრობს და კომპანია „ამონდის“ იურიდიულ პირთა ასოციაციის პრეზიდენტია. 61 წლის როსტიკ ხუგაევს ოპოზიციის ლიდერები ალა ჯიოევა და ძამბოლათ თედეევი ლობირებდნენ. საუბარი იყო მეორე კანდიდატურაზეც,სამხრეთის დირექციის ხელმძღვანელ პეტრე ხუტიევზე, რომელსაც თიბილოვს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სთავაზობდა. თუმცა, როგორც თიბილოვის მომხრეები აღნიშნავენ, ახალმა პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ სტუმრების ჩარევა საკადრო ცვლილებების პროცესში მისთვის მიუღებელი იყო. ახლა თიბილოვის მთავრობაში ერთბაშად რამდენიმე დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენლები ცდილობენ პორტფელების მიღებას - ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც თიბილოვს გამარჯვებაში დაეხმარნენ, და პირველი პრეზიდენტის, ლუდვიგ ჩიბიროვის თანაგუნდელები, რომლებიც ასევე მას უჭერდნენ მხარს. ვითარება პერიოდულად ისე იძაბება, რომ საქმე ქუჩის გარჩევებამდეც კი მიდის. ჩვენი ცხინვალელი წყაროების ინფორმაციით, ერთი ინციდენტი თიბილოვის შტაბში მოხდა, როცა ალა ჯიოევას თანამებრძოლმა ვლადიმერ ქელეხსაევმა საბაჟო სამსახურის უფროსობა მოითხოვა. ამ თანამდებობაზე პრეტენზიას ჩიბიროვის მთავრობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი სოსლან გათიკოევიც აცხადებს და, ექსპერტების აზრით, მას მეტი შანსი აქვს სასურველი თანამდებობა მიიღოს. გათიკოევის და ქელეხსაევის შელაპარაკება კი განიმუხტა, მაგრამ ქელეხსაევს უკვე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელობა მოუნდა და ანატოლი ბიბილოვს დაუპირისპირდა. ცხინვალის ტბასთან გამართულ გარჩევაზე ბიბილოვს არა მარტო თანამდებობის, არამედ რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვებაც მოსთხოვეს. ბიბილოვი შეუვალი იყო და მოწინააღმდეგეებს მიანიშნა, რომ ამ თანამდებობაზე კადრს მოსკოვი ნიშნავს და კრემლის გადაწყვეტილებას დაელოდება. ექსპერტების აზრით, თიბილოვს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ თანამებრძოლების ამბიციები როგორმე დააკმაყოფილოს. დე ფაქტო რესპუბლიკის კომპარტიის ლიდერის სტანისლავ კოჩიევის აზრით, პოლიტიკური ლანდშაფტი მთლიანად იცვლება და ოპოზიცია და ხელისუფლება ადგილებს ცვლიან.

ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლის ზურაბ ბენდიანიშვილის აზრით, ის, რაც ახლა ცხინვალში ხდება, მოსალოდნელი იყო, გავლენის სფეროების გადანაწილება კი ბევრისთვის მტკივნეულად ჩაივლის.

ანალიტიკოსების აზრით, თიბილოვი კომპრომისულ კადრებსაც ეძებს, რომლებიც ყველასთვის მისაღები იქნება. ასეთ კადრად განიხილება მერაბ ჩიგოევი, რომელიც გენპროკურორად დაინიშნა. მის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუჭერა. ჩიგოევი სხვადასხვა დროს იყო იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის დეპუტატი, ბოლო დრომდე ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებშიც აქტიურად იყო ჩართული. ექსპერტების აზრით, თიბილოვი ძველ მეგობრებს განზე არ ტოვებს. გარდა ამისა, იგი ძალოვან უწყებებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მისცემს, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დევნას დაიწყებენ. შესაბამისად, ჩიგოევი კომპრომისულ ფიგურად ითვლება, რომელსაც პარლამენტში კოკოითის უმრავლესობაც კი მხარს უჭერს. ადგილობრივი პოლიტიკოსი როლანდ ქელეხსაევი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ჩიგოევი დაპირისპირებულ მხარეებს შორის დამაკავშირებელი რგოლი უნდა გახდეს.

როსტიკ ხუგაევის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნით თიბილოვის ხელისუფლებაში თედეევისა და ჯიოევას მომხრეების მოსვლა ისევ გაგრძელდება, რადგან ახალი კაბინეტის ფორმირებაში უკვე ხუგაევიც ჩაერთვება. თიბილოვის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ყველა ჯანსაღ ძალას გააერთიანებდა, მაგრამ რის ფასად მოხდება ეს გაერთიანება, ცოტა ხანში გამოჩნდება. ახლავე უკვე ცხადია, რომ მისი მთავრობა მრავალფეროვანი და სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფების წარმომადგენლებით დაკოპლექტდება.
XS
SM
MD
LG