Accessibility links

logo-print

ტიმოშენკოს ქალიშვილი ამბობს, რომ დედამისს დალურჯებული ადგილები აქვს


უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი ამბობს, რომ დედამისს დალურჯებული ადგილები აქვს მას შემდეგ, რაც ციხის მცველებმა ის გასულ კვირაში იძულებით წაიყვანეს საავადმყოფოში. ევგენია ტიმოშენკომ ციხეში ოთხშაბათს მოინახულა დედა, რომელიც, ევგენიას თქმით შიმშილობს. „მან გვაჩვენა დალურჯებული ადგილები, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩა, ისე გაცილებით მეტი ჰქონდა. ახლა უკვე ხუთი დღეა გასული. ოთხი დღე მასთან სპეციალურად არავის უშვებდნენ, ელოდებოდნენ, როდის გაუვლიდა დალურჯება. მას ძალიან დიდი დალურჯებული ადგილი აქვს მუცელზე - დაახლოებით ათსანტიმეტრიანი დიამეტრის. ხელზეც ეტყობა თითების კვალი“, - უთხრა იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმა ჩვენს რადიოს დღევანდელ სატელეფონო საუბარში. იუწყებიან ასევე, რომ იულია ტიმოშენკოს მდგომარეობის გამო დღეს „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა. მან უკრაინის ხელმძღვანელობას მოუწოდა, ციხეში ტიმოშენკოს ნახვის უფლება მისცეს ევროკავშირის ელჩსა და დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტებს. დღესვე გავრცელებული ცნობით, გერმანიის პრეზიდენტმა, იოახიმ გაუკმა გააუქმა უკრაინაში მომავალი თვისთვის დაგეგმილი ვიზიტი ტიმოშენკოს გამო. ტიმოშენკო შვიდწლიან პატიმრობას იხდის პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდებით. თვით ტიმოშენკოს და მის მომხრეებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიაჩნიათ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსვხერპლად. გასულ პარასკევს ტიმოშენკომ შიმშილობა დაიწყო, ციხეში მისდამი არასათანადოდ მოპყრობის გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG