Accessibility links

logo-print
„ხუდონჰესს და ნამახვანჰესს აშენება არ უწერია“ - სტატიას ამ სათაურით 27 აპრილის გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს. 34 წლის წინ დაწყებული ხუდონის მშენებლობის პროცესი ამ გაზაფხულზე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა დღემდე პროცესი შეჩერებულია. ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობაც კი არ არის გამოსახლებული. ნამახვანის შემთხვევაში, ენერგეტიკის სამინისტროს იმედი აქვს, რომ ახალი კონტრაქტორი წლის ბოლომდე გამოჩნდება. თუ რატომ გაჭიანურდა ამდენ ხანს ჰესების მშენებლობის პროცესი და რა ვითარებაა ამჟამად, ამ თემის დეტალებს გაზეთის მე-9 გვერდზე გაეცნობით.

საინფორმაციო ომში მთავარ კონკურენტად ”მე-9 არხს“ ”რუსთავი 2” მიაჩნია, - წერს გამოცემა. „მეცხრე არხის“ მთავარი გამოშვება, რომელსაც ცნობილი ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი გაუძღვება, ეთერში 9 საათზე გავა - ”რუსთავი 2”-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პარალელურად. ”მეცხრე არხის” გენერალური დირექტორი კობა ბექაური აცხადებს, რომ ”დღევანდელი მედიასივრცე პროპაგანდას მიაქვს, ამ პროპაგანდის მთავარი ლოკომოტივი კი ”რუსთავი 2-ის” 9 საათიანი კურიერია, ამიტომ ახალი არხის სამიზნეც სწორედ ეს და არა სხვა რომელიმე გამოშვება იქნება”.

გაზეთ ”ახალ თაობას” 27 აპრილს პირველ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვები გამოქვს: ”მზად ვარ მოვიჭრა და გავუგზავნო რუსებს ჩემი სხეულის ნაწილები”. - ეს ხმაურიანი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 26 აპრილს გააკეთა, რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადების შემდეგ, რომ სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია. სააკაშვილმა თქვა, რომ ის მზადაა გადადგეს თანამდებობიდან, თუ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარებს გაიყვანს.

”ახალი თაობა” ეხმაურება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის განცხადებას, რომელიც მან საქართველოში გერმანიის ელჩთან ორთვინ ხენინგთან გააკეთა - მან თქვა, რომ მალე სოხუმი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატებთან ურთიერთობას შეწყვეტს: ”ჩვენ არ გვსურს თქვენთან თბილისის მეშვეობით ურთიერთობა, საუბრის სხვა ფორმატი უნდა შევარჩიოთ”, - განაცხადა ანქვაბმა.

გაზეთი „24 საათი“ პარლამენტში 26 აპრილს გამართულ სამთავრობო საათს ეხმაურება სტატიით ”მოულოდნელად მშვიდი სამთავრობო საათი”. საკანონმდებლო ორგანოში მისულმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ოპოზიციის კრიტიკა პოლიციის პოლიტიზებასთან დაკავშირებით არ გაიზიარა: ” ასე რომ იყოს, პოლიციის რეიტინგი უფრო დაბალი იქნებოდაო”. მან ქართული პოლიციის შენობების პროექტის ექსპორტზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ერთ-ერთი ასეთი შენობის ასლი ლიტვაში დაიდგმება.
პარლამენტის დეპუტატების შეკითხვებს 26 აპრილს განათლების, კულტურის და სასჯელაღსრულების სამინისტროების პირველი პირებიც პასუხობდნენ.

„24 საათი“ წერს საქართველოს პრეზიდენტის ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ე.წ. ”სტუდენტური ბარათები” უნდა შეიქმნას. ამ ბარათებით სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ფასდაკლებებით როგორც მგზავრობისას, ისე მაღაზიებში: ”ეს ინიციატივა უახლოეს ერთ თვეში უნდა დავამუშაოთ და ზაფხულისთვის, თუ სტუდენტები ბათუმში ან ანაკლიაში მატარებლით ჩავლენ, მგზავრობის ღირებულების ნახევარი გადაიხადონ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზეთი ”ვერსია” ბეჭდავს ინტერვიუს ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მანანა კობახიძესთან: ”არც პარტიასა და არც კოალიციაში ჩემთვის არავის უგრძნობინებია, რომ დროებითი, შემთხვევითი ან ფორმალური ვარ”, აცხადებს კობახიძე და პარტიის გეგმებსა და მიმდინარე საქმიანობაზე საუბრობს. გაზეთში ასევე წაიკითხავთ ინტერვიუს ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილთან. ”რეალურად რომ ვიმსჯელოთ, დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის განადგურებაა. თუ ამას პოლიტიკურად ვერ მოახერხებენ, არავინ იცის, ცხელ თავში რა მოაფიქრდებათ. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ”, - ამბობს ხუხაშვილი გაზეთთან ინტერვიუში.

აქვს თუ არა ”ქართულ ოცნებას” ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონკრეტული გეგმა? - ამ კითხვაზე გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკასთან” ინტერვიუში საუბრობს პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი. ”დაინტერესებულები ვართ აფხაზებსაც და ოსებსაც ავუხსნათ, რომ ჩვენი სურვილი არა უბრალოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, არამედ ამ ხალხის, ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნებაა”, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილ.
XS
SM
MD
LG