Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიადისთვის პარაოლიმპიელებიც ემზადებიან


იაგო გორგოძე, პარაოლიმპიელი
იაგო გორგოძე, პარაოლიმპიელი
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებში შოთა ომარაშვილი წარმოადგენს წოლჭიმის სახეობას. კიდევ რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი ოლიმპიური ლიცენზიის მოლოდინშია. როგორც საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, ჩვენი ქვეყნისთვის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა პრესტიჟის საქმეა, თუმცა შესაბამისი მხარდაჭერის გამოხატვას სპორტსმენების მიმართ ქვეყანა მხოლოდ ახლა იწყებს. ქართველ პარაოლიმპიელებს გასულ კვირაში საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ უმასპინძლა. ბრიტანეთი წელს ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანაა. საელჩოში მოქმედ სპორტსმენებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებიც მიიწვიეს მათთვის მაგალითის მისაცემად და სპორტით დაინტერესების დადებით მხარეზე სასაუბროდ.

„იყავით იმ ადამიანებისთვის სიამაყის საფუძველი, ვისაც თქვენი იმედი აქვთ, ხოლო ვისაც იმედი არა აქვს, მათთვის იყავით გაკვეთილი“, - ასეთი სიტყვებით მიმართა ბრიტანეთის საელჩოში მისულ სტუმრებს 29 წლის უსინათლო ნიკა თვაურმა. ის მოცურავეა - ბრასის სტილში 50 მეტრიან დისტანციაზე ცურავს. რამდენიმე წლის წინ ავტოავარიის შედეგად მხედველობა დაკარგა, თუმცა არ დაუკარგავს პერსპექტივის იმედი - ამბობს, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება უნდოდა, მაგრამ ბრაილის შრიფტის სწავლა არ გამოუვიდა და ცურვით დაკავდა.

” პირველი სირთულე ის იყო, რომ საერთოდ არ ვიცოდით რას ვაკეთებდით. ეს იყო პირველი ნაბიჯები. იყო ძალიან ბევრი მტკივნეული მომენტი, როგორიც იყო ხელების, თავის და ცხვირის მირტყმა. ადამიანებისთვისაც გაუგებარი იყო, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რატომ ვაკეთებდი ამას. დღეს უკვე ჩემთვის ცურვა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს - არანაირი დაზღვევა, არანაირი გაფრთხილება, არანაირი განსხვავება, რაც ჩვეულებრივ მხედველ მოცურავეს სჭირდება, არ მაქვს”, ამბობს ნიკა თვაური.
ჩვენ უფრო ხიდი გავხდით იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ახლა უნდა სპორტით დაკავდეს ...
იაგო გორგოძე

მასავით ავტოავარიაში დაშავდა იაგო გორგოძე. ახლა ის ეტლით გადაადგილდება, წოლჭიმით არის დაკავებული. იაგოს გული იმაზე სწყდება, რომ აქამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტზე არავინ ფიქრობდა; არ არსებობდა ბაზა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენები ივარჯიშებდნენ. იაგო ამბობს, რომ სწორედ მისი და კიდევ რადენიმე ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგად დაიძრა ამ სფეროში არსებული ყინული:

” ჩვენ უფრო ხიდი გავხდით იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ახლა უნდა სპორტით დაკავდეს. მე როცა დავიწყე ეს მოძრაობა, ხიდი არ მქონია, ხიდი მე ავაშენე. ახლა უკვე ეს ხიდი არის და არ გაუჭირდებათ სხვა სპორტსმენებსაც ამ ხიდზე გადმოვლა.”

როგორც საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლევან ოდიშარია ამბობს, პარაოლიმპიური კომიტეტის პრიორიტეტია, რაც შეიძლება პოპულარული გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტი და, ზოგადად, ფიზიკური აქტივობა. მისივე სიტყვებით, კარგი სპორტული შედეგის მიღწევა ერთ და ორ წელიწადში ძნელია, ამას დრო სჭირდება და სწორედ ამიტომ ექცევა ყურადღება ბავშვობის ასაკიდან სპორტში ჩართვას:

” ამჯერად ყველა სპორტის სახეობისთვის არ გვაქვს შესაბამისი სპორტული ბაზა და აღჭურვილობა. მოგეხსენებათ, 20 პარაოლიმპიური ზაფხულის და 5 ზამთრის სპორტის სახეობაა. შესაბამისად, საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოსთან გვიწევს შეხება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვარემონტებთ და გადავდივართ ახალ სპორტულ ბაზაზე, წერეთელზე, გამოფენის წინ, სადაც კომპლექსური ბაზა იქნება - ტრენაჟორებით, სარბენი ბილიკებით, სხვადასხვა ტიპის დარბაზებით.”
ძირითადად ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება არასამთავრობოების ინიციატივით და დაუღალავი შრომით, რათა ხელისუფლება აიძულონ რამე გააკეთოს ...
ირინა ინასარიძე

მიუხედავად იმისა, რომ ლევან ოდიშარია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტული დარბაზის მოწყობაზე საუბრობს, სპორტული ბაზის შექმნა არასაკმარისად მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია ”ანიკას” ხელმძღვანელს ირინა ინასარიძეს. მისი განმარტებით, შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით იმდენად დიდი პრობლემები აქვთ, რომ სპორტის განვითარებაზე საუბარი ძნელია. სადარბაზოდან გამოსვლის შემდეგ ასეთ ადამიანებს ერთადერთი, რაც შეუძლიათ, ეს არის ტაქსის გამოძახება. სხვა სახის ტრანსპორტი მათთვის მოუხერხებელია:

” ძირითადად ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება არასამთავრობოების ინიციატივით და დაუღალავი შრომით, რათა ხელისუფლება აიძულონ რამე გააკეთოს. მაგრამ თუ წამოვა კეთილი ნება და სურვილი იმისა, რომ 2013 წელი გამოცხადდეს ინვალიდთა უფლებების დაცვის წლად საქართველოში და ზემოდან წამოვა ნება, რომ ყველაფერი იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი, მერწმუნეთ, რომ ერთ წელიწადში გარემოც შეიცვლება ფიზიკური, ცნობიერებაც შეიცვლება. თუ ერთიანად არ მოხდა რეაგირება, ასე ნაწილ-ნაწილ ძალიან ჭირს.”

ირინა ინასარიძეს ეთანხმება 13 წლის გიორგი გიგუაშვილის დედა ნანა ყენია. ნანა ამბობს, რომ მისი შვილისთვის სპორტი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუმცა სახელმწიფო ამ თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს სთავაზობს:

ქართველ პარაოლიმპიელებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ უმასპინძლა
ქართველ პარაოლიმპიელებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ უმასპინძლა
”კალათბურთი უნდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ არის მაგის შესაძლებლობა, ძვირია ეტლებიო, მაგარმ რაშიც არის შესაძლებლობა, იმას მივყოფთ ხელს. ”

ნანა ყენიას 13 წლის შვილს, გიორგის, და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე მოზარდს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ უმასპინძლა. ელჩი ჯუდით გოფი მათ იმ პერსპექტივების შესახებ ესაუბრა, რასაც სპორტი იძლევა. ელჩმა ბრიტანეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტის ახლანდელ ვითარებასა და მის დასაწყისზეც ილაპარაკა და სიამაყით განაცხადა, რომ ბრიტანეთი იდგა სწორედ პარაოლიმპიური თამაშების სათავესთან:

” 1940-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ჩვენ ძალიან ბევრი მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი გვყავდა, მაგრამ მათ სურდათ სრულფასოვანი ცხოვრებით ეცხოვრათ და სპორტი ამის განხორციელების საშუალებას იძლეოდა. სწორედ მაშინ მიეცა დასაბამი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტული სახეობების განვითარებას და ჩვენ ამ ტრადიციით ძალიან ამაყები ვართ. მე თუ მკითხავთ, უკანასკნელ ხანებში განვითარების დონემ კულმინაციას მიაღწია და ბოლო რამდენიმე წელია, როგორც ოლიმპიადა ტარდება ხოლმე 4 წელიწადში ერთხელ, ასევე ტარდება პარაოლიმპიური თამაშებიც. მთავარი ისაა, რომ ყოველ ჩვენგანს სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობები აქვს, ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და ასევე განსხვავებული უნარები და შესაძლებლობები გვაქვს”, განაცხადა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ჯუდით გოფმა.

ლონდონის პარაოლიმპიური თამაშების საგზური უკვე აქვს შოთა ომარაშვილს, პარასპორტსმენს წოლჭიმის სახეობაში. ის ლონდონში გულშემატკივართა იმედების გასამართლებლად მიდის.

” 23 თებერვალს დუბაიში ვიყავი, სადაც მეექვსე ადგილი დავაფიქსირე და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა ლიცენზია მიმეღო და მივემგზავრები პარაოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში. ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ წარმოვაჩენ საქართველოსაც და იმ ადამიანებსაც, ვინც გვერდში გვიდგას და მხარს გვიჭერს”, ამბობს შოთა ომარაშვილი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG