Accessibility links

logo-print

ფილიპ ლეფორი შეშფოთებულია აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე ევროკავშირიდან ფილიპ ლეფორი შეშფოთებულია აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, რომ მისთვის არასასურველი პირია საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი - ეს ინფორმაცია 27 აპრილს გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მისივე ცნობით, ლეფორის ინიციატივით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან 26 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას ევროკავშირის წარმომადგენელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აფხაზური მხარის ნაბიჯმა შესაძლოა, სერიოზულად დააზარალოს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი. თავის მხრივ, კარასინმა ლეფორს განუცხადა, რომ ეს საკითხი უპირველეს ყოვლისა განსახილველია სოხუმთან, როგორც ჟენევის დისკუსიის სრულფასოვან მონაწილესთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზური მხარის პოზიცია ლოგიკურია, რადგან ჟენევის დისკუსიის წინა რაუნდზე ტიშკევიჩმა უარი თქვა დაეფიქსირებინა საზღვრისპირა ზონაში მომხდარი ინციდენტები, მათ შორის მკვლელობები და აფხაზებისთვის შეურაცხმყოფელი ფორმით მოითხოვა ევროკავშირის მეთვალყურეთა შეშვება. ეს მოთხოვნა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ეწინააღმდეგება არსებულ საერთაშორისო შეთანხმებებს და არ შეესაბამება მისიის მანდატს. სამინისტროს ცნობითვე, კარასინმა ლეფორს შესთავაზა სოხუმთან კომპრომისით საკითხის მოგვარება, რაც მნიშვნელოვანია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მუშაობის გასაგრძელებლად.
XS
SM
MD
LG