Accessibility links

logo-print

ტინა კეიდანაუ: ჩიკაგოს სამიტზე არ მიიღებენ გადაწყვეტილებას ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე


ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მოკავშირეები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე, მაგრამ მკაფიო, პოზიტიურ მესიჯს გაუგზავნიან ასპირანტ ქვეყნებს ნატოში მათი გაწევრიანების მიზნის მხარდასაჭერად - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტინა კეიდანაუმ განაცხადა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის წინაშე გამოსვლისას. კეიდენაუს თქმით, აშშ მკაფიოდ აცხადებს, რომ ნატოს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის, რომლებიც ალიანსის სტანდარტებს მიაღწევენ. საქართველოზე საუბრისას კეიდანაუმ აღნიშნა, რომ აშშ უსაფრთხოების ხელშეწყობითა და სამხედრო ჩართულობით მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო რეფორმას, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისთვის წვრთნის, და აღჭურვილობით უზრუნველყოფს ქართველ სამხედროებს და ამზადებს მათ ნატოსთან ერთად ოპერირებისთვის. ”აშშ-ის დახმარების პროგრამები უზრუნველყოფს საქართველოს დამატებით მხარდაჭერას დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარების მცდელობაში, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელოვანი ნაწილია და სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს”, - განაცხადა კეიდანაუმ. მისივე თქმით, უცვლელია აშშ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ შეიცვლება აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა.
XS
SM
MD
LG