Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" 26-27 მაისს აქციით გეგმავს საარჩევნო კამპანიის დაწყებას


კოალიცია "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის დაწყებას 26-27 მაისს აქციით გეგმავს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მისი განმარტებით, აქციისას იქნება არა მოთხოვნები, არამედ მოწოდება საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს. მაია ფანჯიკიძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ბედის განსაზღვრას ნიშნავს და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ მათი ხმა დაცული იქნება. რაც შეეხება უშუალოდ აქციის ჩატარების ადგილს და კონკრეტულ დროს, კოალიცია ორ ვარიანტს განიხილავს - ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს, ან მიხეილ მესხის სახელობის არენას, და 26, ან 27 მაისს. ფანჯიკიძის თქმით, ”ქართული ოცნებისთვის” პრიორიტეტულია აქციის ჩატარება ეროვნულ სტადიონზე, რომელიც 70 000 მაყურებელს იტევს, მაგრამ რადგან ჯერჯერობით უცნობია დაუთმობენ, თუ არა კოალიციას 26 მაისს სტადიონს, მის ხელმძღვანელობას შესთავაზეს გაქირავების დღედ განიხილოს 27 მაისიც. ”თუ არცერთ დღეს არ მოხერხდება სტადიონის დაქირავება, მაშინ გვაქვს ალტერნატივა - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, რომელიც შედარებით პატარაა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე ცნობით, ორივე სტადიონის ხელმძღვანელობას შესაბამისი განაცხადით 28 აპრილს მიმართეს და პასუხს ხუთი დღის ვადაში ელიან. უარის შემთხვევაში ”ქართული ოცნება” აქციის ჩატარების სხვა ვარიანტებს განიხილავს.
XS
SM
MD
LG