Accessibility links

logo-print

ბაროზუ უკრაინაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ჩასვლას არ აპირებს


ევროპის კომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს პრეს-მდივნის განცხადებით, ბაროზუ „არ აპირებს“ უკრაინაში ჩასვლას, ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად - თუკი უკრაინა ზომებს არ მიიღებს იმ „ძალიან სერიოზული“ შეშფოთებების პასუხად, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს საქმის მიმართ აქვს. გავრცელებული ცნობებით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა შესაძლოა თავისი მთავრობის წევრებსაც სთხოვოს თავი შეიკავონ უკრაინაში ჩასვლისგან ფეხბურთის მატჩებზე დასასწრებად. ივნისიდან უკრაინა პოლონეთთან ერთად უმასპინძლებს ჩემპიონატს. ჩეხეთის რესპუბლიკა აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი ასევე ტიმოშენკოს საქმის გამო არ დაესწრება უკრაინაში დაგეგმილ ცენტრალური ევროპის ქვეყნების სამიტს. ტიმოშენკომ, რომელსაც ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით შვიდი წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, გასულ კვირაში განაცხადა, რომ მას ციხის მცველებმა სცემეს და შიმშილობა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG