Accessibility links

logo-print
რუსეთში გამომავალი გაზეთების დიდმა ნაწილმა ვრცელი ადგილი დაუთმო მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს პასუხად გაკეთდა. დმიტრი მედვედევმა რუსული ტელეარხებისათვის მიცემულ ეგრეთ წოდებულ გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს „ცარიელი ადგილი“ და „ნული“ უწოდა. მედვედევის თქმით, ადრე თუ გვიან სააკაშვილი წავა პოლიტიკური ისტორიიდან. სწორედ ამის შემდეგ, რუსეთი მზად იქნება მის ნაცვლად მოსულ ნებისმიერ ახალ ლიდერთან ითანამშრომლოს და აღადგინოს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა. გაზეთ „კომერსანტს“ სტატიაში, რომლის სათაურია „მიხეილ სააკაშვილი მზადაა მსხვერპლად გაიღოს თავი და პრეზიდენტობა“, პასუხის სახით მოტანილი აქვს ფრაგმენტი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებიდან: ჩემი პასუხი მარტივია. თუ რუსეთის ხელისუფლება მზადაა დაუბრუნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, გაიყვანოს იქიდან ჯარი, მზად ვარ დღესვე მოვაწერო ხელი შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვცვლი ჩემსა და ჩემი მთავრობის წასვლას საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაში. დამატებით, მზად ვარ მოვიჭრა სხეულის ის ნაწილები, რომელთა მიმართაც არაერთხელ გამოუვლენიათ ინტერესი. ამას ვამბობ, ყოველგვარი ირონიის გარეშე“.

საქართველოს შესახებ წერს გაზეთი „ნოვიე იზვესტიაც“. სტატიაში „დავეწიოთ და გავასწროთ აფრიკას“ ლაპარაკია პრეზიდენტ სააკაშვილის ყველაზე ეგზოტიკურ ეკონომიკურ პროექტზე, რომელიც საქართველოში სამხრეთაფრიკელი ფერმერების ჩამოყვანასა და სოფლის მეურნეობის აღორძინებას ითვალისწინებს. სტატიის მიხედვით, საქართველოში უკვე 25 სამხრეთაფრიკელი ფერმერი მუშაობს. ნაწილმა მიწები აუქციონზე, ნაწილმა კი კერძო პირებისგან შეიძინა. ყველაზე მეტად ბურებს თურმე კახეთის მხარე აინტერესებთ. „ნოვიე იზვესტიას“ ცნობით, აპრილში გამართული კონგრესის ფარგლებში, თბილისს 120 ბური ფერმერი ეწვია, 20-მა მათგანმა უკვე დაარეგისტრირა ბიზნესი საქართველოში, კიდევ ერთმა ჯგუფმა კი მსხვილი ინვესტიციების ჩასადებად კონსორციუმი დააფუძნა: „ბურების შთამომავლებს მოსწონთ საქართველოს კლიმატი, ქართველები და ბიზნესის დარეგისტრირების სიმარტივე. როგორც კომპანია TAU Africa-ის მენეჯერი ბენ ვან ზელი ამბობს, ბევრ სამხრეთაფრიკელ ფერმერს აქვს სურვილი დააბანდოს ფული ადგილობრივ ეკონომიკაში. ამასთან, ისინი დაინტერესებული არიან არა მხოლოდ სოფლის მეურნეობით, არამედ ეკონომიკის სხვა დარგებითაც. რაც შეეხება ადგილობრივ ქართველ გლეხებს, მათ თავიანთი მეურნეობების განვითარებისათვის შესაძლებლობა არა აქვთ. მართალია, დიდ ნაწილს უცხოელი ფერმერების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამა მიაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი მთავრობა მათზე იზრუნებდა და სიღარიბის დაძლევაში დაეხმარებოდა.“

გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ კი ყურადღებას უთმობს უკრაინის ხელისუფლების წინაშე მდგარ პრობლემებს. საქმე ისაა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა უარი თქვა კიევში ვიზიტზე, რომელიც იალტაში 11, 12 მაისს ცენტრალური ევროპის ქვეყნების მეთაურთა სამიტის ფარგლებში უნდა შემდგარიყო. ჩეხეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რადიმ ოჰვატმა ვიზიტის გაუქმების მიზეზი ასე ახსნა: „არსებობს კლაუსის ვიზიტის გაუქმების რამდენიმე მიზეზი, თუმცა ტიმოშჩენკოს პატიმრობა მათ შორის უმთავრესია“. ჩეხეთის ხელმძღვანელობას ადრეც არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება უკრაინის ოპოზიციისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების გამო. ამასთან, პრაღამ არაერთხელ შესთავაზა პოლიტიკური თავშესაფარი ტიმოშჩენკოს მეუღლეს. სტატიის მიხედვით, ტიმოშჩენკოს საქმის გამო ვაცლავ კლაუსამდე იალტის სამიტზე ჩასვლა გადაიფიქრეს გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა, სლოვენიის მეთაურმა დანილო ტურკმა და ავსტრიის ლიდერმა ჰაინც ფიშერმა. გაზეთის ვარაუდით, იალტაში ჩასვლაზე უარს იტყვიან კიდევ რამდენიმე ქვეყნის - მათ შორის ესტონეთისა და ლატვიის -ლიდერები.
XS
SM
MD
LG