Accessibility links

logo-print

უმუშევართა და დროებით დაუსაქმებელთათვის დაზღვევა ხელმიუწვდომელია


ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამედიცინო კლინიკაში, ზურაბ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სამედიცინო მომსახურებას ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი იღებს. კლინიკაში მისულთა ნაწილი სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, უფრო დიდ ნაწილს კი არც სახელმწიფო სადაზღვევო პოლისი აქვს და არც კერძო დაზღვევა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის განყოფილების მიმდინარე წლის მონაცემებით, სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობენ სოციალურად დაუცველები და პედაგოგები, სულ 25 670 ადამიანი, რაც ქალაქის მოსახლეობის 12% -ია. ქუთაისში 10-მდე სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულები არიან საჯარო მოხელეები და უმაღლეს სასწავლებლებსა და ბანკებში დასაქმებული ადამიანები. ჯერჯერობით დაზღვევის მიღმა რჩებიან პენსიონერები, უმუშევრები და დროებით უმუშევრები - ისინი, ვინც მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს. როგორც ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დაზღვევის არმქონე პაციენტთა ნაწილი ამბობს, სადაზღვევო კომპანიას არ მიმართავს, რადგან ყოველთვიურად თანხის გადახდას ვერ შეძლებს. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში პაციენტები მთელი დასავლეთ საქართველოდან მიდიან. რესპონდენტების აზრით, კლინიკაში მომსახურების ფასები სხვა სამედიცინო დაწესებულებების მსგავსია, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ზუგდიდელმა ირაკლი ქვარაიამ უთხრა, ქუთაისში ფეხმძიმე მეუღლე იმ კვლევებისთვის ჩამოიყვანა, რომლებიც ადგილზე რეფერალურ საავადმყოფოში არ ტარდება.

კლინიკას ექიმის კონსულტაციისა და გამოკვლევებისთვის სამ თვეში ერთხელ მიმართავს ლია შამუგია. როგორც თავად ამბობს, მარტოხელა პენსიონერისთვის სამედიცინო მომსახურება და საჭირო მედიკამენტები ძვირი და ნაკლებხელმისაწვდომია და, რომ არა ნათესავების დახმარება, აუცილებელ სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობას ვერ ჩაიტარებდა.

პაციენტების და მათი ნათესავების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აკითხავს. ფიქრია სილაგაძის თქმით, დედისთვის გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო თანხა ახლო ნათესავებმა შეუგროვეს.
თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიების ადგილობრივი ოფისები კერძო პირთა დაზღვევის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ გარემო კონკურენტუნარიანია და დაზღვევის მსურველთათვის სადაზღვევო პაკეტის ღირებულება და პირობები სხვადასხვაგვარია.
XS
SM
MD
LG