Accessibility links

logo-print

ლეიბორისტები ბიძინა ივანიშვილს შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაციის მცდელობაში ადანაშაულებს


ლეიბორისტული პარტია კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაციის მცდელობაში. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის პერიოდში შალვა ნათელაშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის დაკვეთა ბიძინა ივანიშვილმა მისცა "მის პრეზიდენტს" მიხეილ სააკაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს. გუგავას თქმით, 7 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ, სპეცრაზმელებმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ძებნის საბაბით დაარბიეს პარტიის ცენტრალური ოფისი და შალვა ნათელაშვილის სახლები თბილისსა და სოფელ ბაზალეთში. ლეიბორისტები ირწმუნებიან, რომ ნათელაშვილის მკვლელობა დაკავებისთანავე იყო დაგეგმილი, რაც ვერ განხორციელდა საქართველოში აშშ-ის იმჟამინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის ჩარევის შედეგად. გუგავას განცხადებით, ლეიბორისტული პარტია გაეროს მიმართავს სპეციალური კომისიის შექმნის მოთხოვნით და მას შესაბამის მტკიცებულებებს გაუგზავნის. ლეიბორისტების ბრალდებას კოალიცია ”ქართული ოცნება” ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
XS
SM
MD
LG