Accessibility links

მუსიკოსს, რომელზეც დღეს ვისაუბრებ, ზოგიერთი იმავე ქვაბში ხარშავს, სადაც ლუი არმსტრონგი, დიუკ ელინგტონი, მაილს დევისი, ჩარლი პარკერი თუ ჯონ კოლტრეინი ეგულება, ხოლო ზოგისთვის ის არამზადაა, ჯაზს რომ სულში ჩააფურთხა, წაბილწა და გააჩანაგა. „ამაოხრებელს“ ორნეტ კოულმანი ჰქვია, ჯაზ-ავანგარდის ერთ-ერთი მიმართულების - „ფრი ჯაზის“ შემქმნელი.



ორნეტი 1930 წელს ტეხასში დაიბადა. პირველი საქსოფონი დედამ აჩუქა, მაგრამ ისეთი არავინ ჰყოლია, მასზე დაკვრის ანა-ბანა ესწავლებინა. ამიტომ გულისთქმას მიჰყვა - ტრადიციები აინუნშიც არ ჩააგდო და „ბრძენთა“ დაუკითხავად შესრულების საკუთარი ხელწერა თვითონვე განავითარა. ორნეტის ჭყვიტინა და თავნება ბგერა 14 წლიდან იკრებდა ძალას, მის საშემსრულებლო მანერას კი ვერაფერი ზღუდავდა - ვერც საყოველთაოდ მიღებული ჯაზური კანონები და ვერც წლობით ნაშენები იმპროვიზაციული პრინციპები, მხოლოდ თავისუფლებით საზრდოობდა. მარტივად რომ ვთქვა, რაც კი პირზე მოადგებოდა, დაუფიქრებლად საქსოფონით ფქვავდა.

„კანონგარეშე“ მუსიკოსის „უპრინციპობა“ წინაპართა ტრადიციების შეურაცხყოფად აღიქმებოდა. ჩვენში რომ იტყვიან ხოლმე: „ქვეყანას გვართმევენო“, დაახლოებით მსგავს რამეებს წამოაძახებდნენ კოულმანსაც - არიქა, ეს მაჯლაჯუნა ჯაზს გვართმევს, ჯაზურ სულიერებასა თუ ენას ებრძვისო. მუსიკოსები, როგორც კეთროვანს, გაურბოდნენ. თუკი სადმე მაინც დააკვრევინებდნენ, ორნეტის ახირებებს ბოლომდე ვერ უძლებდნენ და მის შფოთიან საქსოფონს ეგრევე აჩუმებდნენ. ყველასგან უარყოფილსა თუ მოძულებულს, თავი რომ გაეტანა, ხან ლიფტების ოპერატორად, ხანაც ოფიციანტად უხდებოდა ხოლმე მუშაობა.



თუმცა ერთხელ თავისნაირ მანიაკებს გადაეყარა - კონტრაბასისტ ჩარლი ჰეიდენს, კორნეტისტ დონ ჩერისა და დრამერ ბილი ჰიგინსს. მათთან ერთად მალე სადებიუტო ალბომიც ჩაწერა, სახელწოდებით: „Something Else“. დიახ, ეს დისკი მართლაც რაღაც სხვა, უცხო და უჩვეულო გახლდათ. მასზე პირველად გაისმა ის მუსიკა, რომელსაც მოგვიანებით „თავისუფალი ჯაზი“ დაარქვეს. მართალია, კოულმანი ისევ დამკვიდრებულ ჯაზურ ფორმებსა და ჰარმონიის მიღებულ წესებში ტრიალებდა, მაგრამ მათგან თავის დაღწევისა თუ თავდაყირა დაყენების მცდელობაც აშკარა გახლდათ.



ასე ახარებდა კოულმანი თავის ჭიას, სანამ ეს ჭია „მოდერნ ჯაზ კვარტეტის“ უსტაბაშმა, პიანისტმა ჯონ ლუისმა არ შეამჩნია. უწიგნური საქსოფონისტი ჯაზის თეორიული ნაწილის შესასწავლად ჯერ ლენოქსის საზაფხულო სკოლაში გაგზავნა, შემდეგ კი ნიუ-იორკულ კლუბში, „Five Spot“-ში უკრა თავი. კონტრაქტი ორი კვირით გაფორმდა, თუმცა კლუბის სცენაზე კვარტეტმა წელიწადზე მეტხანს დაყო. კონცერტებზე ზღვა ხალხი იყრიდა თავს - ისინი, ვინც კოულმანს გენიოსად თვლიდა და ისინიც, ვისაც მუსიკოსის ფსიქიკურ მხნეობაში ეჭვი ეპარებოდა. საქსოფონისტიც მიზანმიმართულად ანგრევდა სტანდარტულ ჰარმონიულ თუ რიტმულ ფორმულებს და ატონალური მეტყველებით ემიჯნებოდა ჯაზურ ადათ-წესებს.



ერთ მშვენიერ დღეს კოულმანმა „უკადრებელი იკადრა“: ხმის ჩამწერ სტუდიაში ერთმანეთის პირისპირ ორი კვარტეტი დააყენა. ცალ მხარეს თავად გამოიჯგიმა დონ ჩერის, კონტრაბასისტ სკოტ ლაფაროსა და დრამერ ბილი ჰიგინსთან ერთად, მეორე მხარეს კი კლარნეტზე ერიკ დოლფი, მესაყვირე ფრედი ჰაბარდი, ჩარლი ჰეიდენი და დრამზე ედი ბლეკველი განალაგა. ეს არ გახლდათ პაექრობა ან ტრადიციული ჯემ-სეიშენი. მუსიკოსები 37 წუთის მანძილზე ჰარმონიული თუ რიტმული ფორმულების სრული იგნორირებით ერთ მოტივს უტრიალებდნენ. კოულმანი რამე თემას შემოაგდებდა, ერიკ დოლფი კლარნეტით აიტაცებდა, თავის სიგიჟეებს დაუმატებდა და დონ ჩერის კორნეტს გადაულოცავდა. საერთო ჯამში კი, ყველა ერთდროულად იმრპოვიზირებდა. ამგვარი კოლექტიური ბალაგანი, ანუ ანსამბლური იმპროვიზირება, გახდა კიდეც „თავისუფალი ჯაზის“ მთავარი პრინციპი, „ფრი ჯაზის“ დაბადების თარიღად კი ამ უჩვეულო თავყრილობის დღე - 1961 წლის 21 დეკმებერი - გამოცხადდა.

1961 წლიდან მოყოლებული, ორნეტ კოულმანი მუსიკას გაუჩერებლად წერდა - მათ შორის სიმფონიური ორკესტრებისთვისაც. სცენაზე ვიოლინოზე გარჯილიც უნახავთ და საყვირმომარჯვებულიც. 1975 წელს კი ე.წ. ორმაგი კვარტეტი - „პრაიმ ტაიმი“ დააარსა (ორი გიტარა, ორი ბასგიტარა, ორი დრამი და, რა თქმა უნდა, ალტ-საქსოფონი).



ფიუჟენ ბენდის მუსიკა კი იმ პრინციპს ეყრდნობოდა, თავად კოულმანმა „ჰარმოლოდიკა“ (HARMOLODIC) რომ უწოდა. ტერმინი თვითონვე დაამკვიდრა და განმარტებაც მოაყოლა: ჰარმონია (HARmony), რიტმი, ანუ მოძრობა (MOtion) და მელოდია (MeLODIC), ერთმანეთის დამოუკიდებლად უნდა ირჯებოდნენ, თუმცა, თანასწორობას, ერთმანეთთან თანაარსებობასაც უნდა ახერხებდნენო. უფრო მარტივად კი მუსიკოსის სათქმელი დონ პეპემ, ჯო ზავინულმა გადმოსცა: არავინ სოლირებს, სოლირებს ყველა!



მუსიკოსზე ერთი ასეთი ხუმრობაც მსმენია: თუ ვინმეს მონელება გსურთ და ლუი არმსტრონგის ან ოსკარ პიტერსონის ფანია, ორნეტ კოულმანის თემები ჩაურთეთ და ეგრევე გააგორებთო. დიახ, მისი საქსოფონის გამყინავ, ჭყვიტინა მეტყველებას ბევრი ვერაფერს უგებდა, ჯაზის თავაწყვეტილ მოყვარულებშიც კი მოიძებნებიან ისეთები, კოულმანის ალბომების ბოლომდე მოსმენის ნერვები რომ არ ჰყოფნით. თუმცა ამ მუდამ მოუწესრიგებელ, თმაგაჩეჩილ “ამაოხრებელს” მიმდევრებიც ჰყავს. ერთ-ერთ მათგანზე - გიტარისტ ჯეიმს ბლად ალმერზე - შემდეგ ვისაუბრებ. მანამდე კი ერთ ულამაზეს თემას მოვუსმინოთ ალბომიდან „Virgin Beauty“, რომელიც კოულმანმა „გრეითფულ დედის“ გიტარისტთან, ჯერი გარსიასთან ერთად ჩაწერა.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG