Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტების გამო მსჯავრდებულებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს


საქართველოში 2010 წელს განხორციელებული ტერაქტების გამო მსჯავრდებულებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. პატიმრებთან შესაბამისი მოლაპარაკების მოტივით თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღეს პროცესის გადადება სთხოვა ბრალდების მხარემ. მისი შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და შემდეგი სხდომა 8 მაისს დანიშნა. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების პირობებს, მსჯავრდებულთა ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე პატიმარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 20- და 30-წლიანი სასჯელის 5, 10 და 20 წლამდე შემცირებას სთავაზობენ. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე წინასწარი შეთანხმება არსებობს საქმის ფიგურანტ გოდერძი არქანიასთან, რომელსაც სასჯელის 1 წლითა და 7 თვით მოხდას სთავაზობენ, თუ მისი ძმა, საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი გოგიტა არქანია 30-წლიანი პატიმრობის 20 წლამდე შემცირებას დათანხმდება. მსჯავრდებულ მერაბ ყოლბაიას ადვოკატის მათე ხარჭამაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელის 8 წლამდე შემცირება შესთავაზეს, თუმცა ყოლბაიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. დანარჩენი მსჯავრდებულები კი, ადვოკატების ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმებისთვის მზად არიან. ტერაქტების გამო 2010 წელს დაპატიმრებული და გასამართლებული პირებისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზებამდე რამდენიმე დღით ადრე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ორმა მსჯავრდებულმა თავდაპირველი ჩვენებები შეცვალა. კერძოდ, არქანიამ ტერაქტებში მონაწილეობა მხოლოდ თბილისში აღიარა და უარყო სამეგრელოს ეპიზოდი, ყოლბაიამ კი მის აღიარებით ჩვენებას ზეწოლის შედეგი უწოდა და ხელახალი დაკითხვა ითხოვა, თუმცა, სააპელაციო სასამართლოსგან უარი მიიღო. თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში ტერაქტების მოწყობის და მათი მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა დააკავეს სულ 12 ადამიანი, რომელთაგან ერთი ჯენერი მატკავა რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG