Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომისიის სხდომა


მილან ცარბნოხი, დავით დარჩიაშვილი
მილან ცარბნოხი, დავით დარჩიაშვილი
თბილისში მუშაობა დაასრულა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომისიის სხდომამ. მიღებულია ერთობლივი, რეკომენდაციების შემცველი განცხადება, რომელიც ოფიციალურად ხვალ გამოქვეყნდება.

პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ 35-პუნქტიანი დოკუმენტი მნიშვნელოვანი დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ტექსტია. დარჩიაშვილის განმარტებით, განცხადებაში საუბარია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ კონფლიქტსა და დევნილთა მდგომარეობაზე.

”იქმნებოდა ილუზია, რომ საქართველოში ეთნიკური კონფლიქტები იყო, მაგრამ ეს არის კონფლიქტი რუსეთთან", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. პრესკონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარემ მილან ცარბნოხმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისგან. ცარბნოხმა საქართველოს უსურვა თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები.

"გვსურს, რომ საქართველოში არჩეული პარლამენტი წარმომადგენლობითი იყოს და მოქალაქეების ნებას გამოხატავდეს”, - განაცხადა მილან ცარბნოხმა. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, მისი ნათელი მომავალი თავად ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა უზრუნველყონ, ევროკავშირს კი, მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა და დახმარება შეუძლია.
XS
SM
MD
LG