Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები საქართველოს დემოკრატიისა და მომავალი არჩევნების შესახებ


ევროპარლამენტარები იმედს გამოთქვამენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება და ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას განაგრძობს. ეს აქცენტები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა იმ განხილვებისა და შეხვედრების ფარგლებში, რომლებსაც ევროპარლამენტართა წარმომადგენლობითი დელეგაცია თბილისში 2 დღის მანძილზე (2 და 3 მაისს) მართავდა. დემოკრატიის თემა ასევე წამყვან როლს თამაშობს რეკომენდაციების შემცველ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის 2-დღიანი სხდომის ფარგლებში შემუშავდა.

"გისურვებთ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი, რომელსაც შემოდგომაზე აირჩევთ,იქნება წარმომადგენლობითი, ხალხის ნების გამომხატველი და თქვენ, როგორც ქვეყანა, გააგრძელებთ დემოკრატიული საზოგადოების შენებას. საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მომავალშიც ჩვენი ერთ–ერთი უმთავრესი პარტნიორი იქნება”, - განაცხადა 3 მაისს ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარემ მილან ცარბნოხმა. ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის 2-დღიანი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ დასკვნით პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარმა ცარბნოხმა დემოკრატიული პროცესების მამოძრავებელი მთავარი აქცენტებიც ჩამოთვალა:
პირველი თემაა ქართულ-ევროპული ურთიერთობები - ურთიერთობები საქართველოს სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის ...
დავით დარჩიაშვილი

”დემოკრატიის მშენებლობისთვის, ცხადია, მნიშვნელოვანი სფეროებია ადამიანის უფლებები, საარჩევნო სისტემა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, მედიაში გამოჩენის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიებისთვის, მედიასაშუალებათა მფლობელობის გამჭვირვალობა... ეს ის სფეროებია, რომელზეც ვიმსჯელეთ და რომლებიც ჩავწერეთ დასკვნით დოკუმენტში, დასკვნით რეკომენდაციებში.”

რეკომენდაციები, რომლებზეც მილან ცარბნოხი ლაპარაკობს, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის 2-დღიანი სხდომის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის ნაწილია. როგორც ამ კომიტეტის თანათავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა 3 მაისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, განცხადება-რეკომენდაციები მოიცავს მნიშვნელოვან თავს, სახელწოდებით ”კონფლიქტი საქართველოში”, და ეს ტერმინი ქართულ მხარეს აბსოლუტურად მისაღებად მიაჩნია. ”ჩვენ ვცილდებით იმ ილუზიას, რომ თითქოს ეს არის ეთნიკური კონფლიქტები, რომელიც, გასაგებია, რომელი მხარის მიერაც იყო შექმნილი. აქ, პირველ რიგში, კონფლიქტი არის რუსეთთან", – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ ამავე თავში საუბარია დევნილთა მდგომარეობაზე.

მართალია, 35-მუხლიანი დოკუმენტი სრული სახით ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი პრესისთვის, მაგრამ, როგორც წინასწარი კომენტარებიდან ირკვევა, მასში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს დემოკრატიული განვითარების თემა.

”პირველი თემაა ქართულ-ევროპული ურთიერთობები - ურთიერთობები საქართველოს სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის - რა ხდება აქ და რა მოლოდინები გვაქვს და რა სურვილები ამ პროცესთან დაკავშირებით. შემდეგი დიდი ბლოკია ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმები. ”მოდერნიზაცია და დემოკრატია” - დაახლოებით ასე ჰქვია ამ თავს, ქართულად რომ ვთავრგმნოთ”, - აღნიშნა 3 მაისს დავით დარჩიაშვილმა. მისი თქმით, სარეკომენდაციო სახის დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის სტრუქტურებს გადაეგზავნება.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპელი დეპუტატების დელეგაცია შედგებოდა ევროპარლამენტის ძირითად პოლიტიკურ ძალთა წარმომადგენლებისგან:

”ევროპელი კონსერვატორებიდან და რეფორმისტებიდან - მილან ცარბნოხი, სოციალ–დემოკრატიული პარტიიდან - ჯლევა მოიცა, ევროპის სახალხო პარტიიდან - კჟიშტო ლისეკი, სოციალ–დემოკრატიული პარტიიდან - ედიტ ჰერცოგი და ევროპის ლიბერალ–დემოკრატთა ალიანსიდან - ნორიცა ნიკოლაი.”
ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე, დემოკრატიაზე, ჩვენი კოალიციის სწრაფვაზე ევროპული ინტეგრაციისკენ და შევთანხმდით ძალიან სერიოზულ თანამშრომლობაზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომაც ...
დავით უსუფაშვილი

როგორც მილან ცარბნოხი აღნიშნავს, ევროპარლამენტართა დელეგაციის საქართველოში სტუმრობის მიზანს ვითარების ადგილზე გაცნობა წარმოადგენდა და, ”სრული სურათის” შექმნის მიზნით, ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

ერთი ასეთი შეხვედრა 2 მაისს შედგა. პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერებს, ბიძინა ივანიშვილსა და დავით უსუფაშვილს, ევროპელი ლიბერალების წარმომადგენელი, რუმინელი ევროპარლამენტარი ნორიკა ნიკოლაი ესტუმრა.

”ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე, დემოკრატიაზე, ჩვენი კოალიციის სწრაფვაზე ევროპული ინტეგრაციისკენ და შევთანხმდით ძალიან სერიოზულ თანამშრომლობაზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომაც”, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა თავად ნორიკა ნიკოლაიმაც. ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ევროპელი ლიბერალები განაგრძობენ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხის ლობირებას და მის საუბარში სწორედ ამ კონტექსტში გამოიკვეთა არჩევნების თემაც:

”ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ჩვენ გვექნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და რეალური დემოკრატია.”

ევროპარლამენტარი ნორიკა ნიკოლაი, ”ქართული ოცნების” ინფორმაციით, მომავალი არჩევნებისთვის ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენელი იქნება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG