Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონებში საარჩევნო პროცესით ამერიკის საელჩო დაინტერესდა


გორი
გორი
რეგიონებში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროცესითა და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობით ამერიკის საელჩო დაინტერესდა. საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ჯესმინ კამერონი კომისიების საქმიანობის ადგილზე გასაცნობად გორში ჩამოვიდა. იგი დახურულ კარს მიღმა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მალხაზ მირუაშვილს შეხვდა და იკითხა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, როდის გადავა კომისია ადმინისტრაციული შენობიდან. როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საარჩევნო კომისიას იმ შენობებში ფუნქციონირება ეკრძალება, სადაც თვითმმართველობის, მმართველობის და გუბერნატორების ადმინისტრაციებია განთავსებული. აქამდე კომისია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში საქმიანობდა.

მირუაშვილის განცხადებით, ახალი ოფისი უკვე შერჩეულია და საოლქო კომისია ახლა გადასვლის რეჟიმშია.

მოგვიანებით ამერიკელი სტუმარი უკვე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის რეგიონალურ ხელმძღვანელს სოსო ბორცვაძესა და კომისიის წევრებს შეხვდა. დიპლომატს აინტერესებდა ყველა ის ინფორმაცია და პრობლემა, რომელიც სიების დაზუსტებასთან არის დაკავშირებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯესმინ კამერონმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, სოსო ბორცვაძემ კი განაცხადა, რომ ამერიკელი სტუმრის ვიზიტი იმის ნიშანია, რომ საქართველოში დაწყებული საარჩევნო პროცესის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება სულ უფრო იზრდება.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები სხვა ქალაქებშიც გამართავენ ანალოგიურ შეხვედრებს. ოპოზიციის აზრით კი, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG