Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: სასჯელაღსრულების სამინისტრომ კონსტიტუცია დაარღვია


სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - პირადი საიდუმლოების დაცვის უფლების - დარღვევაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. საუბარია ზურაბ დელიანიძის გახმაურებულ საქმესა და სამინისტროს განმარტებაზე, რომ გარდაცვლილ მსჯავრდებულს ”ვენერიული დაავადების მწვავე ფორმა” აღენიშნებოდა. პატიმარ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტმა არაერთი კითხვა გააჩინა და უფლებადამცველების მწვავე რეაქცია გამოიწვია. გარდაცვლილის ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის რაიონის მკვიდრი, 39 წლის პატიმარი ზურაბ დელიანიძე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში 1 მაისს გარდაიცვალა. განცხადებაში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ 3 მაისს გაავრცელა, ასევე ვკითხულობთ, რომ, ”კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე”, უწყებას არ სურდა გაევრცელებინა დეტალური ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ, არგუმენტად ”საზოგადოების მაღალი ინტერესის” დასახელებით, მან ეს მაინც გააკეთა:

”მსჯავრდებული ავადმყოფობდა ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით და მას სამედიცინო დეპარტამენტის მედპერსონალის მიერ ყოველგვარი შესაძლებელი მკურნალობა უტარდებოდა.”

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ამ ინფორმაციის გავრცელებით, საჯარო გახადა ”პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია”, რის დაცვასაც მას კონსტიტუცია ავალდებულებს. 4 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში სახალხო დამცველი შეგვახსენებს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც ადამიანის პირად საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის თვითნებური გამჟღავნება დაუშვებელია, ”გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“

ომბუდსმენის განცხადებას სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე 4 მაისს, დღის მეორე ნახევარში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერის საშუალებით გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გაიმეორა მანამდე დასახელებული არგუმენტი:

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება და საჯაროდ გამოტანა წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას იმის გამო, რომ ამით ილახება არა მარტო გარდაცვლილი პირის კანონიერი ინტერესები, არამედ ჩრდილი ადგება პაციენტის ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრებს ...
გიორგი ტუღუში
”კონფიდენციალურობის დაცვა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გაიზარდა საზოგადოების ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში და, რა თქმა უნდა, გავრცელდა უამრავი ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საზოგადოებას ძალიან აინტერესებს ეს საკითხი და ჩვენ მივიჩნიეთ, რომ აუცილებელი იყო ამ თემაზე საუბარი.”

მინისტრის ასეთ პოზიციას არ იზიარებს სახალხო დამცველი. როგორც მის მიერ 4 მაისს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ”საზოგადოების მაღალი ინტერესი” არ წარმოადგენს პირადი საიდუმლოების გასაჯაროების საფუძველს. ამასთან, ზურაბ დელიანიძის შემთხვევაში გამჟღავნებული ინფორმაცია, ომბუდსმენის განცხადებით, ”მკვეთრად სცდება” მხოლოდ პიროვნების ჯანმრთელობის საკითხებს:

”სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება და საჯაროდ გამოტანა წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას იმის გამო, რომ ამით ილახება არა მარტო გარდაცვლილი პირის კანონიერი ინტერესები, არამედ ჩრდილი ადგება პაციენტის ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ასევე პირთა სხვა წრეს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტი მოიცავს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ჩარევის ელემენტებსაც.”

ზურაბ დელიანიძის ცხედარი
ზურაბ დელიანიძის ცხედარი
ამ და კიდევ სხვა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, 4 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში შესაბამის სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცეს პირადი საიდუმლოების უკანონოდ გამავრცელებელი ყველა პირი.

მართალია, ომბუდსმენის აპარატს ჯერჯერობით, ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებამდე, უჭირს დელიანიძის სხეულზე აღნიშნული ”დაზიანებების ზუსტ წარმომავლობაზე საუბარი”, მაგრამ გარდაცვლილი პატიმრის მეუღლემ ქეთევან ბერიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სერიოზული ეჭვები გამოთქვა ძალადობისა და ავადმყოფის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე:

”ვერ ვიცანი ჩემი მეუღლე... ხერხემალიც გადატეხილი აქვს, საშინელი სისხლჩაქცევები აქვს და საშინლად ნაწამებია. თვალებღიაა მკვდარი და, თუ ავად იყო და ლოგინზე გარდაიცვალა, ხომ შეეძლო ვინმეს თვალები მაინც დაეხუჭა.”

გარდაცვლილ პატიმარს დამოუკიდებელი ექსპერტიზა სწორედ ოჯახის წევრების მოთხოვნით უტარდება და ჯერჯერობით შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, რა მიზეზით გარდაიცვალა 39 წლის მამაკაცი, რომელიც, მეუღლის თქმით, აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო 2011 წლის დეკემბერში, ბათუმის ციხეში მოხვედრამდე. აქვე ვთქვათ, რომ ზურაბ დელიანიძე, რომელსაც მარიხუანის შეძანა/შენახვის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ბათუმის ციხიდან თბილისში 2012 წლის 7 მარტს გადაიყვანეს.

ხშირ შემთხვევებში რიგი დაწესებულებების ხელმძღვანელობა უფრო მეტად ზრუნავს პრობლემის დაფარვაზე, ვიდრე მის მოგვარებაზე ...
ალტერნატიული ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილ პატიმარს არ აღენიშნება ”მექანიკური დაზიანებები” და მის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები შესაძლოა ”არაჯეროვანი მოვლის” შედეგი იყოს.

3 მაისს, მას შემდეგ, რაც ინტერნეტით გავრცელდა პატიმრის სხეულზე აღნიშნული დაზიანებების ამსახველი შემაძრწუნებელი ფოტომასალა, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ”ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კონკრეტულ დაწესებულებაში გარდაცვლილ პატიმარს აღენიშნება სხვადასხვა ხასიათის დაზიანებები.”

დაბოლოს, გავიხსენოთ, რომ სასჯელაღსრულების სისტემის მისამართით სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს მეტად სერიოზული პრეტენზიები აქვს, რაც სრულად არის ასახული მის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშებში. ვითარება პრაქტიკულად უცვლელია ბოლო წლებში: თუკი 2010 წელს პატიმართა გარდაცვალების 142 ფაქტი აღირიცხა, ეს რეკორდული მაჩვენებელი 2011 წელს მხოლოდ 2-ით შემცირდა. ომბუდსმენის ინფორმაციით, კვლავაც სავალალოა სიტუაცია პატიმართა მკურნალობის თვალსაზრისით.

ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, პრობლემად რჩება პატიმრების მიმართ „არასათანადო მოპყრობა”, რაც ”საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება“ და რაც დიდწილად წახალისებულია დაუსჯელობის სინდრომის საფუძველზე. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ”ხშირ შემთხვევებში რიგი დაწესებულებების ხელმძღვანელობა უფრო მეტად ზრუნავს პრობლემის დაფარვაზე, ვიდრე მის მოგვარებაზე.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG