Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა ბოშათა ბანაკი არსად მიემგზავრება


ბოშათა დროშა
ბოშათა დროშა
მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ბოშათა საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღნიშნეს. ორიოდე დღის წინ სახალხო დამცველისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით მოეწყო ფოტოგამოფენა „ბოშების პორტრეტები“ და გაიმართა სპექტაკლი ბოშა ბავშვების მონაწილეობით. წარმოდგენილი იქნა მოხსენებები საქართველოში ბოშების უფლებრივი და კულტურული მდგომარეობის შესახებ. როგორ ცხოვრობენ ბოშები საქართველოში და რა კეთდება მათი უფლებების დასაცავად?

ბოშათა საერთაშორისო დღე, რომელიც 8 აპრილს აღინიშნება, 1971 წელს ლონდონში შეკრებილმა ბოშათა პირველმა საერთაშორისო კონგრესმა დააწესა. 30 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს ნაციონალური სიმბოლოები: დროშა და ჰიმნი - „ჯელემ, ჯელემ“. ბოშებმა თავი ერთიან, თავისუფალ ერად გამოაცხადეს.

არაოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 8-დან 10 მილიონამდე ბოშა ცხოვრობს. საქართველოში მათი რაოდენობა ათასს აღწევს. უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის მონაცემებით, ბოშების დასახლებას შეხვდებით თბილისის სამგორის რაიონში (300 ადამიანი), დედოფლისწყაროს სოფელ ჭოეთში (დაახლოებით 140 ადამიანი), გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში (100 ადამიანი), თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე (50 კაცი) და ქობულეთში, გილაურის უბანში (100 ადამიანი). ცენტრის წარმომადგენლის გიორგი სორდიას თქმით, საქართველოში მცხოვრები ბოშები ნელ-ნელა კარგავენ ტრადიციებს, თუმცა, ცხადია, ეს არ არის მათი ერთადერთი პრობლემა:
მთავარი პრობლემაა პასპორტებისა და პირადობის მოწმობების უქონლობა, რის გამოც ვერ ახერხებენ სკოლაში სწავლას და სრულფასოვანი განათლების მიღებას...
გიორგი სორდია

„არ გააჩნიათ კაპიტალური სახლები. ცხოვრობენ ძირითადად კარვებსა და სახელდახელოდ აგებულ ქოხებში, კანალიზაციის, ელექტროენერგიისა და სხვა ყოფითი პირობების გარეშე. ეს არის მათი ძირითადი პრობლემა. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემაა პასპორტებისა და პირადობის მოწმობების უქონლობა, რის გამოც ვერ ახერხებენ სკოლაში სწავლას და სრულფასოვანი განათლების მიღებას.“

გიორგი სორდიას მსგავსად, ბოშათა პრობლემების შესწავლითა და გადაჭრითაა დაკავებული ვენერა მარტყოფლიშვილი, დამფუძნებელი კახეთის ბოშათა გაერთიანება „რომასი“. ქალბატონი ვენერა, როგორც თვითონ ამბობს, წარმოშობით ქართველია, თუმცა ცხოვრების წესით ბოშაა. 30 წელია ბოშების დასახლებაში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი:

„მეზობლად ცხოვრობდნენ. 14 წლის ვიყავი, როცა გავყევი... მართალია, ის ბოშაა, მაგრამ სკოლაც დავამთავრე და პოლიტექნიკური ინსტიტუტიც და ახლაც ხელს მიწყობს, რომ რაღაც სიკეთე გავუკეთო ბოშებს და არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი შვილები ბოშები არიან.“

ვენერა მარტყოფლიშვილის მტკიცებით, ბოშების ცხოვრების წესს დიდწილად გაჭირვება და გამოუვალი მდგომარეობა განსაზღვრავს:
ვენერა მარტყოფლიშვილი
ვენერა მარტყოფლიშვილი

„მკითხაობით, მათხოვრობით, ვაჭრობით... რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ. ბიჭები ჯართს აგროვებენ და აბარებენ. ზოგს იმის საშუალება არ აქვს, რომ ბავშვი სკოლაში გაუშვას. ხომ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ბავშვს ცარიელი პური მაინც აჭამოს, რათა სკოლაში მისულმა ოთხი გაკვეთილი მაინც გაძლოს, მაგრამ ყველას არა აქვს ამის საშუალება. დილით ადრე რომ ადგებიან, საშოვარზე მიდიან, რათა დიდებმაც და პატარებმაც პური ჭამონ.“

შედეგად, როგორც ვენერა მარტყოფლიშვილი ამბობს, საქართველოს მასშტაბით საშუალო განათლებას მხოლოდ 50-მდე ბავშვი იღებს. სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის თქმით, ბოშებისთვის ასევე ძნელად მისაწვდომია სკოლამდელი და უმაღლესი განათლებაც. და კიდევ:

„სამწუხაროდ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად განყენებული და მარგინალური უმცირესობის ჯგუფი, რომელიც ძალიან ხშირად მთელი რიგი პროცესების გარეთ რჩება ხოლმე. ასევე ეს არის ერთ-ერთი უმცირესობა, რომლის მიმართაც ჩამოყალიბებულია არაერთი უსამართლო სტერეოტიპი.“
ჩვენ ბოშებს ვიცნობთ რომანებიდან, წიგნებიდან, მათზე გვაქვს რომანტიული წარმოდგენა, მაგრამ არ ვიცნობთ მათი ცხოვრების წესს, პრობლემებს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ეჯახებიან...
ემზარ ჯგერენაია

ბოშების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებს მართლაც მყარად აქვს ფესვები გადგმული. სოციოლოგი, ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერებისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ბოშებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს, როგორც წესი, ზერელე ცოდნა, ინფორმაციის ნაკლებობა და ბოშების გარიყულობა განაპირობებს:

„ჩვენ ბოშებს ვიცნობთ რომანებიდან, წიგნებიდან, მათზე გვაქვს რომანტიული წარმოდგენა, მაგრამ არ ვიცნობთ მათი ცხოვრების წესს, პრობლემებს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ეჯახებიან. უბრალოდ, სტერეოტიპი არსებობს ბოშებზე, არადა, მათ შორის არის ძალიან ბევრი ცნობილი მწერალი, მუსიკოსი, მსახიობი, მაგრამ ამის შესახებ საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის.“

თუმცა, ცხადია, საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც ბოშების შესახებ მეტ ინფორმაციას ფლობენ. ჟურნალისტი ეკა ჭითანავა წლებია ბოშების ცხოვრებასა და პრობლემებს იკვლევს:
ბოშები არსად არ მიდიან, იმიტომ რომ მათ საქართველო თავიანთ სამშობლოდ მიაჩნიათ და უყვართ ის. არ მგონია, რომ საქართველოდან წავიდნენ თავიანთი სურვილით. გამსახურდიას დროს გაყარეს აქედან. მე მოწმე ვარ, ტრაქტორებით როგორ მოასწორეს მათი სახლები...
ვენერა მარტყოფლიშვილი

„ახსენდებათ მაშინვე სტერეოტიპები, რომ ბოშა მათხოვარი, გამყიდველია. ჰგონიათ, რომ ბოშები სულ მხიარულები არიან, სულ ცეკვავენ და ფერად-ფერადი კაბებით დადიან. სინამდვილეში ასე არ არის. აწუხებთ უამრავი სოციალური პრობლემა. ინფორმაცია არა აქვთ. არ იციან რა დახმარება შეიძლება მიიღონ, სად მივიდნენ, რადგანაც მათთან არავინ მიდიოდა და არანაირ ინფორმაციას არ აწვდიდა - იყვნენ თავიანთთვის, ჩაკეტილები.“

ვითარება შედარებით გამოსწორდა უკანასკნელი წლებში, როცა სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოში მცხოვრები ბოშების უფლებრივი მდგომარეობის აქტიური მონიტორინგი დაიწყო. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თამარ კინწურაშვილის თქმით, ბოშათა უფლებების რეალიზებისათვის უმნიშვნელოვანესია იუსტიციის სამინისტროს აქტიურობა, რაც ბოშების აღრიცხვითა და მათთვის პირადობის დამადასტურებელი საბუთების გადაცემით უნდა გამოიხატოს.
"ბოშა ქალი". ეკა ჭითანავას ფოტო
"ბოშა ქალი". ეკა ჭითანავას ფოტო

მკვლევარები საქართველოში მცხოვრებ ბოშებს რამდენიმე ეთნოლინგვისტიკურ შტოდ ყოფენ: დასავლეთ საქართველოში ძირითადად ვლეხები ცხოვრობენ, აღმოსავლეთში - კრიმები. ასევე ბოშებს მიაკუთვნებენ ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ მოლდაველებსა და დიდ ქალაქებში მოხეტიალე ქურთულენოვან ჯგუფებს. ვენერა მარტყოფლიშვილი, დამფუძნებელი კახეთის ბოშათა გაერთიანებისა, ამბობს, რომ დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ბოშები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ.

„ბოშები არსად არ მიდიან, იმიტომ რომ მათ საქართველო თავიანთ სამშობლოდ მიაჩნიათ და უყვართ ის. არ მგონია, რომ საქართველოდან წავიდნენ თავიანთი სურვილით. გამსახურდიას დროს გაყარეს აქედან. მე მოწმე ვარ, ტრაქტორებით როგორ მოასწორეს მათი სახლები... თუ ასე იძულებით არ გაყარეს ბოშები, ისინი აქედან არ წავლენ“, - უთხრა ვენერა მარტყოფლიშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG