Accessibility links

რეაგირება ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე


სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს ”სწრაფი და ეფექტური” რეაგირებისკენ მოუწოდებს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის იმ ფაქტებზე, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლინდა. ომბუდსმენი ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვს. პარალელურად, დაზარალებული კორესპონდენტები, ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” სამართლებრივი დახმარებით, სულ მალე თავად მიმართავენ პროკურატურას.

”საქართველოში მედიის თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციის 24-ე მუხლით, რომლის თანახმად, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ჩარევა მედიის საქმიანობაში აკრძალულია. უფლების დაცვის გარანტიებს ასევე ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, რომლის თანახმად, დასჯადია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ჩარევა”, - შეგვახსენებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 4 მაისს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს ასახავს, მაისის პირველ დღეებში აღრიცხულს ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

დაზარალებულთა ნუსხაში მოხვდნენ: გაზეთი, ,,P.S.“-ი, რადიო „ძველი ქალაქი“, გაზეთი „ვერსია“, გაზეთი „ალია“, ტელეკომპანია „მაესტრო”, ინტერნეტგამოცემები ”ლაივპრესი”, ”ნეტგაზეთი” და ”ტიესპრესი”. ჩამოთვლილი მედიასაშუალებების კორესპონდენტებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ზოგ შემთხვევაში უკვე მოპოვებული მასალები გაუნადგურეს, ხოლო ზოგ შემთხვევაში მასალის მოპოვების საშუალება არ მისცეს. დაფიქსირებულია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც.

საქართველოს სახალხო დამცველი მიადევნებს თვალყურს ამ საქმეს და აუცილებლად გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ...
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს ”ჟურნალისტების უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტზე გაატაროს სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამართალდამრღვევი პირების დასჯა, მედიის წარმომადგენელთა ფიზიკური უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნა.”

რადიო თავისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, 5 მაისს ვერ მოახერხა გაერკვია, მოჰყვა თუ არა რაიმე სახის რეაგირება სახალხო დამცველის მოწოდებას მთავარ პროკურატურაში. ამის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არც სახალხო დამცველის აპარატში ფლობენ. თუმცა, როგორც მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფო ბენაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ჟურნალისტების საქმე საგანგებო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება:

”საქართველოს სახალხო დამცველი მიადევნებს თვალყურს ამ საქმეს და აუცილებლად გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საქმე იქნება კონტროლზე აყვანილი და ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევაში, თუკი ჟურნალისტები ჩათვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა, -თუნდაც გამოძიების მიმდინარეობის დროს, პროცესუალური კუთხით, - შეუძლიათ მომართონ სახალხო დამცველს და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით გავუწიოთ მათ ქმედითი დახმარება.”

ინტერნეტგამოცემა ”ლაივპრესის” კორესპონდენტი თამარ ზანთარაია ერთ-ერთია სახალხო დამცველის განცხადებაში დასახელებულ დაზარალებულ ჟურნალისტებს შორის. მისი პროფესიული უფლებები 4 მაისს ზუგდიდში შეილახა, ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებული ფაქტის გაშუქებისას. თამარ ზანთარაიას თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მას პროკურატურის შენობის გადაღების საშუალება არ მისცეს და უკვე გადაღებული მასალაც ჩამოართვეს:
ცალსახად იკვეთება, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, უფლებამოსილების გადამეტებაა საჯარო მოხელეების მხრიდან ...

”წამართვეს, ამგლიჯეს ხელიდან ციფრული ვიდეოკამერა და მოძებნეს მეხსიერების ბარათი. კუდ-ის ზუგდიდის განყოფილების უფროსმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა რუსლან შამახიამ ასევე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ სხვა პირებს უთხრა, წაიღეთ ეს ბარათი და სანაცვლოდ ახალი უყიდეთო... დაახლოებით 20 წუთში მომიტანეს სულ ახალი, შეფუთული მეხსიერების ბარათი. ცხადია, არ გამოვართვი და ვუთხარი, რომ დაებრუნებინათ ჩვენი კუთვნილი.”

ინტერნეტგამოცემა ”ლაივპრესმა” ვიდეოკამერის მეხსიერების ბარათის დაბრუნება ამ დრომდე ვერ მოახერხა და სამართლებრივი დახმარებისთვის ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” მიმართა. საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია მომხდარში სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ხედავს:

”ცალსახად იკვეთება, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, უფლებამოსილების გადამეტებაა საჯარო მოხელეების მხრიდან. ჟურნალისტმა ზუსტად იცის, რომ მას კამერა საჯარო მოსამსახურემ წაართვა. ჩვენ ვაპირებთ, რომ პროკურატურას განცხადება წარვუდგინოთ დანაშაულის ფაქტის შესახებ და პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით.”

”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო”, რომელიც ”ლაივპრესის” მსგავსად, სამართლებრივ დახმარებას სხვა მედიასაშუალებებსაც აღმოუჩენს, ჟურნალისტთა უფლებების შელახვის ფაქტების მოხშირებას დაუსჯელობის სინდრომით ხსნის. საბჭოს მიერ 4 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ”ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტების მოხშირება ძალზე საშიშ ტენდენციებს იძენს” და ”იზრდება საფრთხე იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდეს მათ მიმართ ძალადობის, შანტაჟისა და ცემის ფაქტები.”
XS
SM
MD
LG