Accessibility links

საფრანგეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - სოციალისტი ფრანსუა ოლანდი, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. მან ხმების სამზე მეტი პროცენტით აჯობა მეტოქეს და, 20 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, საფრანგეთის პირველი სოციალისტი ლიდერი გახდა.

ფრანსუა ოლანდი არაფრით გამორჩეული არ არის - არც გარეგნობით, არც მანერებითა და არც კარიერის თვალსაზრისით. საკუთარ თავზე ამბობს ხოლმე, „მისტერ ნორმალი“ ვარო. და მაინც, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, სწორედ ის აირჩიეს საფრანგეთის პრეზიდენტად. ოლანდმა ასე მიმართა ბასტილიის მოედანზე შეკრებილ მომხრეებს:

„თქვენ აქ მოსული უზარმაზარი მასა ხართ. არ ვიცი, გესმით თუ არა ახლა ჩემი, მაგრამ მე თქვენი გავიგონე. მე გავიგონე, რომ ცვლილება გსურთ. ვგრძნობდი თქვენს ძალას, თქვენს იმედს და მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო. გმადლობ, გმადლობ, გმადლობ, საფრანგეთის აქ შეკრებილო ხალხო, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, რესპუბლიკის პრეზიდენტი გავმხდარიყავი.“

არჩევნების პირველ - 22 აპრილს გამართულ - ტურში ფრანსუა ოლანდმა მცირე უპირატესობით აჯობა მოქმედ პრეზიდენტს. სხვათა შორის, ნიკოლა სარკოზის ნათქვამი აქვს, რომ საერთოდ წავა პოლიტიკიდან, თუკი 6 მაისის არჩევნებში დამარცხდა...

და მაინც, რით იზიდავს ოლანდი ფრანგ ამომრჩევლებს? ფრანგი ჟურნალისტის, საფრანგეთის ყოველკვირეული „ლექსპრესის“ რედაქტორის კრისტიან მაკარიანის დაკვირვებით, უწინარეს ყოვლისა, იმით, რომ სარკოზი არ არის.

„ჩემი აზრით, ფრანსუა ოლანდის შესაძლო გამარჯვება უნდა მივიჩნიოთ სარკოზის პოლიტიკის უარყოფად. სანამ საერთოდ დავიწყებდეთ ფრანსუა ოლანდის პიროვნების გაანალიზებას, უნდა ითქვას, რომ სოციალისტი კანდიდატის სასარგებლოდ მოქმედებს ნიკოლა სარკოზის საქმიანობით და მისი პიროვნებით მოყირჭება, რაც საზოგადოებაში შეინიშნება, და მეტიც, შესაძლოა, მისი ხელაღებით უარყოფაც კი“, - უთხრა ფრანგმა ჟურნალისტმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, კლერ ბიგს, არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე.

თვით ოლანდი არჩევნებს მოიხსენიებს „უარის თქმად პრეზიდენტზე“, რომელმაც ცხოვრების ექსტრავაგანტური სტილით და შეუსრულებელი დაპირებებით თავი მოაბეზრა ბევრ ამომრჩეველს. წინასაარჩევნო კამპანიაში, ლოზუნგით „ცვლილება ახლა ხდება“, მნიშვნელოვანი თემა იყო „სამართლიანობაც“ - ოლანდმა პირობა დადო, რომ ერთი მესამედით შეამცირებს პრეზიდენტის ხელფასს და გააუქმებს იმუნიტეტს, რომელიც სამართლებრივი დევნისაგან იცავს სახელმწიფოს პირველ პირს.

„ცვლილება ახლა ხდება. მას ვერაფერი, ვიმეორებ, ვერაფერი შეაჩერებს - ის ახლა ფრანგ ხალხზეა დამოკიდებული. არჩევანი მარტივია: ან გაგრძელდეს პოლიტიკა, რომელმაც ვერ გაამართლა მოქმედი კანდიდატის მმართველობისას, როცა ის განხეთქილებას თესავდა, ან აღვადგინოთ ქვეყანა სამართლიანად - რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტით, რომელიც მას გააერთიანებს“, - განუცხადა ოლანდმა მხარდამჭერებს არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, უკვე საბოლოო გამარჯვების მერე კი გამოაცხადა, საფრანგეთმა 6 მაისს ცვლილება აირჩიაო.

ისეთი ენერგიული ჟესტიკულაციით გამორჩეული და, საზოგადოდ, თვალშისაცემი ფიგურის გვერდით, როგორიც ნიკოლა სარკოზია, ფრანსუა ოლანდი უფერული ჩანს - ბევრს მისი გამოსვლები მოსაწყენად მიაჩნია. მაგრამ აქებენ ოლანდის შრომისუნარიანობას - უწინარეს ყოვლისა, მონდომება და დისციპლინაა ის, რასაც სარკოზის კონკურენტი უმადლის შთამბეჭდავ კარიერას სოციალისტურ პარტიაში. სხვათა შორის, პრეზიდენტობის ყოფილი სოციალისტი კანდიდატი სეგოლენ რუაიალი და ფრანსუა ოლანდი თითქმის 30 წელი იყვნენ წყვილი - მათ ოთხი შვილი ჰყავთ, მაგრამ არასოდეს დაქორწინებულან.

ეკონომიკის სფეროში ოლანდის გამოუცდელობის მიუხედავად, საფრანგეთში ის ბევრს მიაჩნია სანდო მენეჯერად, რომელიც შეძლებს სიძნელეების დაძლევას. სიძნელე კი ბევრია: სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფოს ვალებმა მთლიანი ეროვნული პროდუქტის 90 პროცენტს მიაღწია, უმუშევართა რიცხვმა - 3 მილიონს, რაც 1999 წლის შემდეგ სარეკორდო მაჩვენებელია და რამაც მნიშვნელოვნად შეარყია სარკოზის პოპულარობა. რეცესიიდან საფრანგეთის გამოსაყვანად ფრანსუა ოლანდი საჭიროდ მიიჩნევს არა მომჭირნეობის ზომებს, არამედ ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას და პირობას დებს, რომ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

როგორ აპირებს ამის გაკეთებას, სადავო საკითხია. მისი გეგმით, გადასახადები გაიზრდება შეძლებულთათვის - მაგალითად, პირებს, რომელთა შემოსავალიც წელიწადში მილიონ ევროს აღემატება, 75-პროცენტიანი გადასახადი დაეკისრებათ.

ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო ფრანსუა ოლანდის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც, ბუნებრივია, ყველას მოწონებას არ იმსახურებს - მით უმეტეს, რომ, ასევე ოლანდის თქმით, 6 მაისის კენჭისყრაში გამარჯვების შემდეგ არც ის შეიცვლება და არც მისი პროგრამა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG