Accessibility links

logo-print

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს


რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო აქცია

რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო აქცია

საქართველოს მეზობელ სახელმწიფო სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგების თანახმად, - ხმების თითქმის 45 პროცენტით, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, - მმართველი რესპუბლიკური პარტია იმარჯვებს. პარლამენტში ადგილების დაკავება შეუძლია ოპოზიციურ ბლოკს, „სომხეთის ეროვნულ კონგრესს“, რომელსაც შვიდი პროცენტი მიემხრო.

სომხეთში არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა ეუთომ, რომელსაც მივლინებული ჰყავდა მეთვალყურეები. არჩევნები, მათი აზრით, კონკურენტულ გარემოში და ძირითადად მშვიდობიანად ჩატარდა. თუმცა, წერია დოკუმენტში, იყო დარღვევები დემოკრატიულ პროცესში, რაც კენჭისყრის მიმართ ნდობის შერყევას უწყობს ხელს. მეთვალყურეები დადებითად აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს, რამდენადაც უზრუნველყოფილი იყო შეკრების უფლება და ასევე აზრის გამოხატვის თავისუფლება. კრიტიკაა გამოთქმული იმ ფაქტის მიმართ, რომ სომხეთის საარჩევნო კანონში შეტანილი დადებითი ცვლილებების გატარება არ მოხერხდა. ლაპარაკია იმაზეც, რომ ამომრჩეველთა არაზუსტი სიები მანიპულირების საშუალებას იძლეოდა. რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის თანამშრომელი გევორგ სტამბოლციანი აღნიშნავს კრიტიკის კიდევ ერთ პუნქტს:

„ის, თუ როგორ განიხილავს კომისია საჩივრებს, როგორ იღებს მათი განხილვა იურიდიულ ფორმას, ეს, კრიტიკოსების აზრით, ანადგურებს ამ არჩევნების გასაჩივრების სისტემას.“

რა ხასიათის დარღვევები იყო ყველაზე ხშირი? - ვეკითხებით სომეხ კოლეგას. მისი პასუხია:

„ყველაზე ცხადად გამოიკვეთა ამომრჩეველთა მოსყიდვა და ის, რაც სამმა პარტიამ უკვე გუშინწინ გამოაცხადა: დიდ ეჭვს იწვევს ამომრჩეველთა ძალიან დიდი რაოდენობის მონაწილეობაო. მილიონ-ნახევარმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ამდენი მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთვება ხოლმე. საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, ჩვეულებრივ, ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე საპარლამენტო.“

გევორგ სტამბოლციანი განაგრძობს საუბარს უკვე იმ საკითხზე, თუ როგორ უყურებენ საკუთრივ სომხეთში დარღვევებს და ამბობს, რომ დარღვევებზე არავინ ლაპარაკობს. დარღვევებზე, მისი თქმით, მეტყველებს ის ფაქტი, რომ მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ ასეთი მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე პარტიებმა ძალიან დაბალი შედეგები მიიღეს:

„რაც შეეხება პატარა პარტიებს, ისე გამოვიდა, რომ სომხური ოპოზიციის ყველაზე გამოკვეთილი ძალა, „სომხეთის ეროვნული კონგრესი“, მთელი ღამე შვიდპროცენტიან ზღვარზე იყო. ამდენი პროცენტია საჭირო ბლოკისთვის პარლამენტში მოსახვედრად და „კონგრესმა“ მხოლოდ ერევანში ხმების დათვლის შემდეგ მიაღწია ამ შედეგს. სხვა პარტიებმა, „დაშნაკციუტიუნმა“ და „მემკვიდრეობამ“, - ეს ყველაზე პროდასავლური ძალაა და ფავორიტად ითვლებოდა, რადგან კარგი ფინანსური შესაძლებლობები აქვს და სახელმწიფო მედიაც სწყალობდა, - ხმების ძალიან მცირე რაოდენობა მოაგროვეს და მანდატებიც დაკარგეს.“

რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც პარლამენტში შეღწევა მოახერხეს, შეიძლება მათ არც ისურვონ პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლების ყოლაო, ამბობს გეორგ სტამბოლციანი და ამატებს, ხვალ აპირებენ პარტიები ამ თემის განხილვას და მათი ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებასო. რომც მოხვდნენ პარლამენტში და გაერთიანდნენ, ისინი მაინც ვერ შექმნიან დიდ ძალას, მით უმეტეს, რომ ამ პარტიებს მაინცდამაინც დიდი მეგობრობა არა აქვთ. არის კიდევ ერთი პარტია, რომელმაც კარგი შედეგი აჩვენა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე - ესაა „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც 31 პროცენტი მოაგროვა. გეორგ სტამბოლციანის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ეს პარტია ოპოზიციურად წარმოდგებოდა:

„გვაქვს ასეთი გამოცდილება, რომ წარმოდგებიან ოპოზიციურად, ითვისებენ საპროტესტო ხმების ნაწილს და, ბოლოს, ხელისუფლებას შეუკავშირდებიან. თუმცა, დღეს რესპუბლიკელებს ისეთი უმრავლესობა აქვთ, რომ მათ არავისთან შეკავშირება არ სჭირდებათ.“
XS
SM
MD
LG