Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის ფაქტორი კონსტიტუციაში


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პასიური და აქტიური საარჩევნო უფლებით 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ასევე ისარგებლებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ის მოქალაქეები, რომლებიც დაბადებულები არიან საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, ნაცვლად აქამდე განსაზღვრული 25–წლიანი ასაკობრივი ცენზისა.

112 მომხრე, არც ერთი წინააღდმეგი - საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება, რომელიც საჯარო განხილვის პერიოდში არსებითად ტრანსფორმირდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივა ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრებას ითვალისწინებდა. საბოლოო რედაქციაში სამი წელი ათამდე გაიზარდა:

„ეს ნორმა ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრამდე, ეს ეხება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. ლაპარაკია ადამიანზე, რომელიც დაიბადა საქართველოში და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში. თქვენი შემოთავაზება იყო სამი წელი, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო შორს უნდა წავიდეთ.“
ერთი თვის განმავლობაში ხალხს გააცანით სულ სხვა შინაარსის პროექტი. ამდენ წვალებას, ჯობდა პირდაპირ დაგვეწერა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ვცვლით კონსტიტუციას...
ჯონდი ბაღათურია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ მალავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გამო მომზადდა. აკაკი მინაშვილმა, უმრავლესობის წევრმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, განაცხადა:

„ეს საკონსტიტუციო შემოთავაზება მას (ბიძინა ივანიშვილს) აძლევს საშუალებას სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, ანუ პოლიტიკურ პროცესში. აი, ბურთი და აი, მოედანი.“

თავად „ქართულ ოცნებაში“ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას არ იწონებენ, თუმცა კოალიციის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების თავდაპირველი პროექტი მხოლოდ პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციის - ანუ დეპუტატად კენჭისყრის - შესაძლებლობას ითვალისწინებდა და არა აქტიურ საარჩევნო უფლებას, რაც არჩევნებში მხოლოდ ხმის მიცემას გულისხმობს. ამგვარი მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა კენჭი უყარა თვისებრივად განსხვავებულ საკანონმდებლო ინიციატივას ნაცვლად იმისა, რომ ხელახლა ათვლილიყო კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების საყოველთაო განხილვის ერთთვიანი ვადა. ჯონდი ბაღათურიამ, წევრმა ფრაქციისა „ერთობა სამართლიანობისათვის“, განაცხადა:
ჯონდი ბაღათურია
ჯონდი ბაღათურია

„ერთი თვის განმავლობაში ხალხს გააცანით სულ სხვა შინაარსის პროექტი. ამდენ წვალებას, ჯობდა პირდაპირ დაგვეწერა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ვცვლით კონსტიტუციას...“

კონსტიტუციის შეცვლის გამო მმართველ პარტიას ცვლილების ინიციატორი ქრისტიან-დემოკრატებიც აკრიტიკებენ. ნიკა ლალიაშვილის თქმით, პრობლემების სათავე პრეზიდენტია:

„ცხადია ის, რომ სააკაშვილმა არ მისცა ივანიშვილს მოქალაქეობა, მაგრამ ბევრად უფრო უარესი იქნება, თუკი ივანიშვილი დარჩება ამ სტატუსკვოთი, ვერ მიიღებს ლეგალურ მონაწილეობას და დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოხდება მისი ვიქტიმიზაცია, მსხვერპლად წარმოჩენა, რაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანდა ძალიან არასასურველ შედეგებამდე არჩევნების მეორე დღეს.“
არ შეიძლება უცხოელი გავლენას ახდენდეს პოლიტიკურ პროცესზე, ანუ ერთდროულად ვუკრძალავთ ევროკავშირის მოქალაქეს დააფინანსოს პოლიტიკური პარტია, მაგრამ ვაძლევთ უფლებას დაიკავოს პოლიტიკური თანამდებობა და ამ გზით პირდაპირ მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ პროცესზე...
გიორგი გოცირიძე

კონსტიტუციაში ამ ფორმით ცვლილების შეტანას იწუნებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომლის წარმომადგენლის გიორგი გოცირიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ცვლილებას არ გააჩნია ანალოგი მსოფლიო პრაქტიკაში, ის ლოგიკურ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სხვა კანონებთან.

„ევროკავშირის მოქალაქეებს ეკრძალებათ საქართველოში პარტიის დაფინანსება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არ შეიძლება უცხოელი გავლენას ახდენდეს პოლიტიკურ პროცესზე, ანუ ერთდროულად ვუკრძალავთ ევროკავშირის მოქალაქეს დააფინანსოს პოლიტიკური პარტია, მაგრამ ვაძლევთ უფლებას დაიკავოს პოლიტიკური თანამდებობა და ამ გზით პირდაპირ მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ პროცესზე“, - უთხრა გიორგი გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

გიორგი გოცირიძის თქმით, მოქმედ კონსტიტუციაში, რომელიც 1995 წელსაა მიღებული, რიგით 29-ე ცვლილება შედის, რაც, მისი თქმით, თავისთავად, მრავლისმეტყველი ფაქტია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG