Accessibility links

logo-print

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს განიხილავს


8 მაისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღის მეორე ნახევარში, დეპუტატები განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოში ისარგებლებენ როგორც პასიური, ასევე აქტიური საარჩევნო უფლებით. ცვლილება შეეხება პირებს, რომლებიც დაბადებულები არიან საქართველოში, ერთად აღებული - 10 წელი უცხოვრიათ, ხოლო ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. ”ერთი მხრივ, ჩვენ უნდა დავასრულოთ ყოველგვარი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ვინმეს უკრძალავენ არჩევნებში მონაწილეობას, ან რაიმე პოლიტიკურ აქტიურობას, ან პარტიის დაფინანსებას და ასე შემდეგ. ამ ცვლილების შემდეგ, ამასთან დაკავშირებით ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება. მეორე მხრივ, არის პირთა რაოდენობა, რომლებიც გასული არიან საზღვარგარეთ, 90-იან წლებში განსაკუთრებით, რომლებსაც არა აქვთ ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად, მათ ეძლევათ შანსი 3 წლის განმავლობაში იყვნენ პოლიტიკურად აქტიურები, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში და ამავე დროს განახორციელონ ყველა ის პროცედურა, რაც სჭირდებათ და აუცილებელია მოქალაქეობის მისაღებად”, - განუცხადა 7 მაისს ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა. საპარლამენტო ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება საშუალებას მისცემს ოპოზიციური კოალიციის, „ქართული ოცნების“, ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე მიიღოს მონაწილეობა მომავალ არჩევნებში. თუკი თავდაპირველად პროექტი მხოლოდ პასიურ საარჩევნო უფლებას, ანუ კენჭისყრის უფლებას ითვალისწინებდა, 7 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ ვარიანტში დაშვებულია აქტიური საარჩევნო უფლებაც, რაც არჩევნებში ხმის მიცემას გულისხმობს. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდება 21 წელი. ამჟამად მოქმედ საკონსტიტუციო ნორმაში ასაკობრივი ცენზი 25 წლიდან არის განსაზღვრული.
XS
SM
MD
LG