Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი აღინიშნება


ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავთან დაკავშირებით 8 მაისს თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. როგორც აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას, მნიშვნელოვანია როგორც მშვიდობის მიღწევა, ასევე მუშაობა მისი შენარჩუნებისთვის. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ოფიციალურად 8 მაისს აღინიშნება, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ”ფაშიზმზე დიად გამარჯვებას კაცობრიობამ უდიდესი მსხვერპლის ფასად მიაღწია” და რომ ”ეს ღირშესანიშნავი თარიღი წარმოადგენს მსოფლიოს ხალხთა და სახელმწიფოთა სოლიდარობისა და ერთიანობის უპრეცედენტო გამოვლინებას საყოველთაო ღირებულებებისათვის გმირულ ბრძოლაში, რომლის შედეგად კაცობრიობამ თავის მომაკვდინებელ საფრთხეზე სასახელო გამარჯვება მოიპოვა.” ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეურაცხმყოფელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ”დიდ სამამულო ომში” გამარჯვებას ქართველ ხალხს ულოცავს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ უთხრა ჟურნალისტებს ვაკის პარკში გამართული ღონისძიების მსვლელობისას, შეურაცხმყოფელია, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტი ულოცავს მხოლოდ ხალხს და არ სურს მიულოცოს ამ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ქართველი ხალხის გარდა ”დიდ სამამულო ომში” გამარჯვების 67–ე წლისთავთან დაკავშირებული მისალოცი ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს წევრი სახელმწიფოებისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - ლიდერებსაც გაუგზავნა.
XS
SM
MD
LG